პრემიერმა-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წინასწარი ანგარიში მოისმინა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა წარადგინა.
ყავლაშვილის ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 252 მილიონი ლარის გადაჭარბებით, ხოლო საგადასახადო შემოსავლები – 76,9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.
მისივე ცნობით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია 5,9%-ის გადაჭარბებით, ხოლო თანხა 4 მილიარდ 787 მილიონი ლარს შეადგენს.
საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, 6 თვის გეგმით, გადაჭარბება 2%-ზე მეტს შეადგენს, წლიურ გეგმასთან მიმართებაში – 47%-ს, ხოლო პარლამენტში ცვლილებების სახით ინიცირებულ გეგმასთან მიმართებაში – 48,4%-ს, რაც მაღალი მაჩვენებელია.
გეგმასთან მიმართებაში 96%-ით შესრულებულია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, რაც წლიური მაჩვენებლის 46%-ია, ხოლო წინა წლების პროცენტულ მაჩვენებლებს დაახლოებით 3%-ით აღემატება.