ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის მეორე წრეც დაძლია – მან მე-15 ნომრად განთესილ ესპანელ ფელისიანო ლოპესთან ხუთ სეტში გაიმარჯვა – 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4.
ბასილაშვილი წლის მესამე სლემ-ტურნირში კიდევ ერთ ესპანელს, 27 წლის რობერტო ბაუტისტას დაუპირისპირდება. მსოფლიო რეიტინგის 22-ე საფეხურზე მყოფმა ბაუტისტამ პირველ წრეში ბელგიელი ბემელმანსი დაამარცხა, 1/32-ფინალში კი ფრანგი პაირე ჩამოიშორა გზიდან.
ცნობისათვის: უიმბლდონზე 6 ესპანელი იყო განთესილი, ოთხი კი უკვე გამოეთიშა ტურნირს – ტომი რობრედო და გილერმო გარსია-ლოპესი პირველ წრეში, ფელისიანო ლოპესი და რაფაელ ნადალი კი მეორე წრეში. მეხუთემ, მე-8 ნორმად განთესილმა დავიდ ფერერმა ტურნირზე ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ბასილაშვილი სწორედ მეექვსე ესპანელ განთესილს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ: ბასილაშვილმა წლევანდელ უიმბლდონზე ასპარეზობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა რუმინელი ვიქტორ ჰანესკუ, უზბეკი ფახურ დუსტოვი, უნგრელი მარტო ფუშოვიში, ფელისიანო ლოპესამდე კი არგენტინელ ფაკუნდო ბახნისს სძლია – 6:4, 7:6, 6:2.