თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საკრებულოს წევრებთან – რიმა ბერაძესთან და ნუგზარ მალაღურაძესთან ერთად, მედიას 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი წარუდგინა.
დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებული პირებისაგან, რომლებიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი, მოხდება განსახლების ზონაში საცხოვრებელი სახლებისა და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა, ხოლო შუალედურ პერიოდში – მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მეთოდოლოგიით მოხდება, ქონების საბაზრო ღირებულებას კი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით დაადგენს.
ვიცე-მერის ინფორმაციით, შემუშავებული წესის მიხედვით, დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი შეთავაზების მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის.
"იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ სურს ამ შეთავაზებით სარგებლობა, მას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, რომ დღესვე მოხდეს მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა. ორივე შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, თუ მიწის ნაკვეთი მოხვედრილია სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტი გამოისყიდის უძრავ ქონებას იმ საბაზრო ღირებულებით, რაც იყო სტიქიამდე", – განაცხადა ვიცე-მერმა.