მკურნალობა და განსაკუთრებით, კბილების პროთეზირება – თითქმის ყველა ჩვენგანისთვის უსიამოვნო პროცედურაა. ამას გარდა, პროთეზის ჩასმა ყოველთვის როდის მთავრდება კარგად – ორგანიზმი მაშინვე ვერ იღებს, ხოლო ზოგჯერ საერთოდ ვერ ეგუება ხელოვნურ კბილებს. იაპონელი ექიმები მიუახლოვდნენ ამ პრობლემის გადაწყვეტის საკითხს – ისწავლეს ახალი კბილების გამოზრდა ეგრეთ წოდებული ღეროვანი უჯრედებისგან და ეს პირდაპირ პაციენტის პირის ღრუში მოახერხეს.
ჯერჯერობით ეს შესანიშნავი ტექნოლოგია, მხოლოდ ლაბორატორიის თაგვებზე გამოსცადეს. ტოკიოს უნივერსიტეტის სწავლულებმა ცხოველებიდან ორი ტიპის ღეროვანი უჯრედები გამოყვეს, რომლებიც კბილების გასაზრდელად ყველა აუცილებელ მასალას შეიცავს. შეგახსენებთ, რომ ღეროვანი უჯრედები ორგანიზმის განსაკუთრებული უჯრედებია. მათ უნარი შესწევთ ზრდის პროცესში ნებისმიერი ორგანოსა და ქსოვილის უჯრედებად გარდაიქმნან.
ამ უჯრედებიდან მედიკოსებმა გაზარდეს თაგვების კბილების უმცირესი "ჩანასახები". შემდეგ ისინი გადანერგეს თაგვის ყბის ძვალში იმ ადგილას, საიდანაც ნამდვილი კბილი იყო ამოღებული. ხუთი კვირის შემდეგ ცხოველის ღრძილებიდან ახალი კბილი ამოვიდა. ზრდასრულ კბილად კი ორი კვირის შემდეგ ჩამოყალიბდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალურ მეცნიერებათა აკადემიის სწავლულები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ხელოვნურად შექმნილი კბილი სრულფასოვნად ფუნქციონირებს. ისე რომ, არაფრით ჩამოუვარდება ნამდვილ კბილებს.
"ყოველი გაზრდილი კბილი ღრძილისა და ყბის ორგანული ნაწილია და ყველა იმ ქსოვილს შეიცავს, რასაც ნამდვილი კბილი – დენტინს, მინანქარს, პულპას, სისხლძარღვებს. ნერვულ ბოჭკოებს და ასე შემდეგ", – განაცხადა კვლევის მონაწილემ, დოქტორმა კაცუხისა ნაკაომ.
თავდაპირველი მასალა, ესე იგი ღეროვანი უჯრედები, სწავლულებმა თაგვის ემბრიონიდან აიღეს. ამგვარადვე იღებენ ადამიანის ღეროვან უჯრედებს. ეს მეთოდი ყველაზე მარტივი და ეფექტურია, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ ის ეთიკური შეხედულებების გამო აკრძალა. იაპონელები იმედოვნებენ, რომ საჭირო უჯრედების მიღება შეიძლება ორგანიზმის სხვა ქსოვილისგანაც, მაგალითად, კანის უჯრედებისგან.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტექნოლოგია შეიძლება ნამდვილ რევოლუციად იქცეს სტომატოლოგიაში.