დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემელი დიდი ქრისტიანული წმინდანია, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლამდე ქადაგებდა , წინასწარმეტყველებდა მესიის მოსვლას და სინანულისკენ მოუწოდებდა მორწმუნეებს.
წმინდა წერილის მიხედვით, მისი მშობლები ზაქარია და ელისაბედი ღრმადმორწმუნე ადამიანები იყვნენ, მაგრამ შვილი არ ეძლეოდათ. იოანეს მამას, ზაქარიას იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების დროს გამოეცხადა წმინდა ანგელოზი და აცნობა, რომ ვაჟი მიეცემოდა. ხანდაზმულმა მეუღლეებმა ღვთის საჩუქარი დიდი სიხარულით მიიღეს და ვაჟს იოანე უწოდეს.
იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მოღვაწეობდა, ქადაგებდა და მორწმუნებს მდინარე იორდანეს წყლით ნათლავდა. მან ამოიცნო მისკენ მომავალი ნათელცხებული მაცხოვარი. იოანე ნათლისმცემელი ისრაელის მეფეს ჰეროდეს უზნეო საქციელში ამხელდა. ჰეროდემ წინასწარმეტყველი სიკვდილით დაასჯევინა. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია 11 სექტემბერს აღნიშნავს.