ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფ ლანჩხუთის "გურიას", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სულ გაურთულა საქმე. არსებული ვალდებულებების დაფარვისთვის ბოლო გაფრთხილება მისცა და ვადა – 14 ივლისამდე დაუწესა. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს ავტომატურად ჩამოერთვება უმაღლესი ლიგის საგზური და მის ადგილს თბილისის "ვით ჯორჯია" დაიკავებს.
საქმე ეხება სალიცენზიო დავალიანების დაფარვას, რომელიც 50 ათას ლარს შეადგენს და კიდევ სპორტული დავების განმსაზღვრელი დამოუკიდებელი არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განიხილა "გურიიდან" გაშვებული მწვრთნელების – თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიას სარჩელები და ლანჩხუთურ კლუბს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად დაახლოებით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
საუბარია მიმდინარე წლის ბოლომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სახელფასო დავალიანების გასტუმრებამდე და სხვა იმ ნარჩენ თანხებზე, რაც ამ მწვრთნელებს ეკუთვნით პრემიების თუ სხვა ვალდებულებების სახით.