კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერმა პალეონტოლოგებმა შეძლეს განესაზღვრათ მილიონი წლის წინათ გადაშენებული გიგანტური ხვლიკების სხეულის ტემპერატურა. მათი გამოკვლევის მიხედვით, ბრახიოზავრის სხეულის ტემპერატურა, რომლის მასა 40-50 ტონას აღწევდა, ცელსიუსით 38.2 გრადუსი იყო, ხოლო მისი მონათესავე 20-ტონიანი კამარაზავრისა კი – 36.8 გრადუსი.
ტემპერატურის გაზომვა მათი კბილის ემალის ქიმიური ანალიზით გახდა შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ზედა მჭრელი კბილების დამცავი გარსის შემადგენლობაში მცირე რაოდენობის თავისუფალი წყალი და ორგანული ნივთიერებებია. მათი პროცენტული რაოდენობა კი სხეულის საერთო ტემპერატურაზეა დამოკიდებული.
კვლევის შედეგი სენსაციურია. თუმცა მეცნიერებს მაინც არ აძლევს საშუალებას დადასტურებულად განაცხადონ, იყვნენ თუ არა გიგანტური დინოზავრები – ზაუროპადები, თბილსისხლიანები, ანუ, ახასიათებდათ თუ არა ისეთივე აქტიური ნივთიერებათა ცვლა, როგორც ძუძუმწოვრებს!
თუ ისეთივე ცივსისხლიანები იყვნენ, როგორიც დღევანდელი ნიანგებია და სხეულის მაღალ ტემპერატურას უდიდესი მასის წყალობით ინარჩუნებდნენ. ამ კითხვაზე პასუხს კი საშუალო და მცირე ზომის დინოზავრთა გაქვავებულის ნაშთების შესწავლა გასცემს.