სოფლის მეურნეობის სამინისტროს მტკიცებით, წელს საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ატმის შედარებით მცირე მოსავალია.
მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მოსავლის საერთო რაოდენობა 23 ათასი ტონამდე იქნება. კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის.
"აღსანიშნავია, რომ ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია. გარდა ამისა, ქართული ხილი, მათ შორის, ატამი ექსპორტზე გადის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში. წელს, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე 10 000 – მდე ტონა ატამი გავა. ექსპორტის მაჩვენებელი შარშან 4 000 ტონა იყო.
ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება", _ აცხადებენ უწყებაში.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩუმლაყსა და ახაშენში ხილის გადამამუშავებელი საწარმოები სრული დატვირთვით იწყებს მუშაობს.
"სოფელ ჩუმლაყის ხილის გადამამუშავებელ სამაცივრე საწარმოს შეძენილი აქვს ხილის დამახარისხებელი იტალიური დანადგარები. საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრემ ეურნეობაა. ანალოგიურ მომსახურებას გაუწევს ფერმერებსა და გლეხებს სოფელ ახაშენის გადამამუშავებელი, სამაცივრე საწარმო.
რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციას ანალიზის საფუძველზე, წელს ფერმერებსა და გლეხებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ", _ ამბობენ სამინისტროში.