ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომაზე, რომელიც დღეს, ხუთ საათზე დაიწყო, 25 წუთში დასრულდა. დღის წესრიგით ოთხი საკითხი იყო გამოტანილი, ხოლო მეხუთე საკითხად "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის" ფრაქციის დაშლა შემოიტანეს.
მეორე საკითხის ირგვლივ, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებს ეხებოდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. სწორედ მისი გამოსვლის შემდეგ მოხდა შელაპარაკება საკრებულოს დეპუტატებს ლელა ნაცვალაძესა და დავით მჟავანაძის შორის.
ცნობისთვის, ამ ცვლილების შედეგად სოფელ ჭანიეთში საბავშვო ბაღის შენობის გაკეთება იგეგმება.
"საინტერესოა, დათო მჟავანაძის აზრი, როდესაც მის სოფელში, ჭანიეთში საბავშვო ბაღი კეთდება, განცდა მაინტერესებს მისი. ის ხომ ოპოზიციონერი არის", _ განაცხადა ლელა ნაცვალაძემ რასაც დავით მჟავვანაძე გამოეპასუხა:
"ქალბატონო ლელა, თუ შეიძლება ერთი სხდომა ჩაატარო ისე, რომ მე არ დამისვა შეკითხვა. თქვენდა სამწუხაროდ ვერ აცნობიერებთ დიდი ხანია "ნაცმოძრაობა" არ არის ხელისუფლებაში და ახლა უნდა აკრიტიკო ხელისუფლება", _ აღნიშნა მჟავანაძემ.
მჟავანაძის განცხადება ნაცვალაძემ გააპროტესტა და აღნიშნა: " ნაცმოძრაობა" არის ქვეყანაში-მეთქი, ეს არ მითქვამს".
რაზეც მჟავანაძე, უპასუხა: "თქვენ ხართ ამ ხელისუფლების მეხოტბე და "ნაცმოძრაობის" კრიტიკით ხართ დაკავებული. არ ვაპირებ თქვენთან პოლემიკას, მაგრამ განვმარტავ ერთ რამეს თუ რა გამოიწვია ეს აგრესია ჩემი მისამართით. ქალბატონი ლელა, ორი თვის განმავლობაში, პირდაპირი გაგებით "მეჩალიჩებოდა" მასთან შემექმნა ფრაქცია, აგვეღო ფული და ბენზინის ტალონი "გაგვეტეხა", რაზეც მან მსგავს შემოთავაზებაზე ჩემგან უარი მიიღო. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ მე ვიყავი გიჟი და მჭირდებოდა ჯანმრთელობის ცნობა", _ განაცხადა მჟავანაძემ.
ამის შემდეგ ნაცვალაძესა და მჟავანძეს შორის შელაპარაკება კიდევ გაგრძელდა:
"ნამდვილად სჭირდება ცნობა. შენ სიზმარი ნახე ალბათ საცოდავო. მაგას პასუხის გაცემა არ შეუძლია. შენი ხელისუფლებამ, სწორედ იმას აკეთებდა, ოპოზიციურ სოფელში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი იყო, იქ არაფერი არ კეთდებოდა", _ უთხრა ნაცვალაძემ მჟავანაძეს.
"რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", როდესაც არ წარმოვადგენდი მას, თქვენ ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორ აგროვებდით მოქალაქეთა კავშირის წევრების სიებს და პოლიტიკური ნიშნით აპირებდით მათ სამსახურიდან გაშვებას და გაყრას", _ აღნიშნა მჟავანაძემ.
"მკვდარი, რომ ვიყო "ნაცმოძრაობას" მაინც არ დაგასვენებთ. ამის ბოდვას რას უსმენთ, კონკრეტული კითხვა დასვი და მასეთი პასუხები იცის დათო მჟავანაძემ. ცხოვრებაში არ მიფიქრია "ნაცმოძრობასთან" ფრაქციის შექმნა. მაგასთან, რომ არ უნდა ვილაპარაკო ვერ ვისწავლე ჭკუა, მაგას უნდა მუშტი ცხვირში", _ განაცხადა ნაცვალაძემ.
კამათის დასრულების შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე კიდევ ორი საკითხი განიხილეს. კერძოდ, საკრებულოს თანხმობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული ნაგავმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან და 500 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერებიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მუდმივ სარგებლობაში 2 ერთეული ნაგავმზიდი და 150 ცალი ურნა, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ბახმაროს, საკურორტო სეზონის განმავლობაში, დროებით სარგებლობაში, ერთი ერთეული ნაგავმზიდი და 20 ცალი ლითონის კონტეინერი გადაეცა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა სწორედ ამ საკითხს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უყარეს კენჭი.
ასევე, საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის N69 განკარგულებაში შესატან ცვლილებებს".
როგორც გამგებლის მოადგილემ, არჩილ ყაზაიშვილმა სხდომაზე განაცხადა, საკრებულოს თანხმობით, ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების საშტატო ნუსხიდან ამოღებული იქნება 2 ოპერატორის საშტატო ერთეული – სპეციალიტი მოქალქეთა კონსუტირებისა და მომსახურების საკითხებში.
"ისინი მოვალეობას სოფელ ნატანებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში ასრულებდნენ, ამიტომაც დაექვემდებარნენ იუსტიციის სამინისტროს. აღნიშნული ვაკანსიების გაუქმების შედეგად დაბა ნასაკირალსა და კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს დაემატება თანაშემწის 1 საშტატო ერთეული. ცვლილებაც ამით არის გამოწვეული", _ აღნიშნა ყაზაიშვილმა.