"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, მიმდინარე წელს იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც ზოგადი უნარების გამოცდას აზერბაიჯანულ ენაზე აბარებს, 1 100-ს აღემატება, რუსულ ენაზე გამოცდას 700-ზე, ხოლო სომხურ ენაზე კი 500-ზე მეტი ახალგაზრდა აბარებს.
გასულ წელს ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურებოდა – აზერბაიჯანულენოვანი 1000-ზე მეტი, რუსულენოვანი 650-ზე მეტი, სომხური – 400-მდე. 2014 წელს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაახლოებით 36 ათასმა აბიტურიენმა ჩააბარა. წელს აბიტურიენტთა რაოდენობა დაახლოებით 40 ათასს შეადგენს.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" მიესალმება არაქართულენოვანი მოსახლეობის მზარდ ჩართულობას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი განათლების მიღების კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული სასწავლო პროგრამა გრძელდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების ხარისხი დღემდე რჩება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევად.
აღნიშნული ხარვეზი პრობლემას ქმნის ასევე უმაღლეს სასწავლებლებშიც, სადაც არაქართულენოვანი სტუდენტები ქართული ენის ერთწლიან კურსს, როგორც სწავლების პირველ საფეხურს, გადიან. აქედან გამომდინარე, "მრავალეროვანი საქართველო" მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მონიტორინგი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების ხარისხზე. ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გატარდეს ღონისძიებები უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის ერთწლიან კურსზე სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" მზადაა, აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის", – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.