თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ ზღვის უბნის მოსახლეობის საკითხზე ბრიფინგი გამართეს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის კერძო დავა მესაკუთრე მხარეს -"მეტრომშენის" ყოფილ თანამშრომლებსა და ამჟამად კორპუსებში უკანონოდ მცხოვრებ მოსახლეობას შორის.
"საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ზღვის უბნის 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში წლების წინ თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობის საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი კვირის განმავლობაში, თბილისის მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მისამართით მათი მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები გაისმა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის კერძო დავა მესაკუთრე მხარეს -„მეტრომშენის“ ყოფილ თანამშრომლებსა და ამჟამად კორპუსებში უკანონოდ მცხოვრებ მოსახლეობას შორის, რომელთა გამოსახლებასაც მესაკუთრეები ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია ამ დავაში სამართლებრივად არ არის ჩართული, დედაქალაქის მთავრობა ცდილობს, წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრას", – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, იმ ოჯახებს, რომელებსაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ან დასაქირავებლად საკმარისი შემოსავალი, თბილისის მთავრობა უზრუნველყოფს საცხოვრისით იმ დრომდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. ამ მიზნით ორხევში უკვე ორი თვეა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის აღდგენითი სამუშაოები, რომელზეც უკვე მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. აღნიშნული ფართების კეთილმოწყობამდე ნაძალადევის რაიონის გამგეობა იღებს ვალდებულებას ამ ოჯახების ქირით უზრუნველყოფაზე. თბილისის მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის შეთავაზებები თბილისის მთავრობის 2015 წლის 13 მაისის განკარგულებაშია გაწერილი.
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ქირით უკვე გაიყვანა 21 ოჯახი, რომელთა ნაწილი გამოსახლებულია, ნაწილმა კი ნებით დატოვა სხვის საკუთრებაში არსებული ფართი. ქირით გაყვანის მოთხოვნით გამგეობას კიდევ 15 ოჯახმა მიმართა, რომელთა შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
"მეტრომშენის" ყოფილი თანამშრომლების კანონიერ სარგებლობაში არსებულ ფართებში 100-ზე მეტი ოჯახი 13 წლის წინ შეიჭრა. წლების განმავლობაში მათ საცხოვრებელი ბინების კეთილმოწყობისთვის გარკვეული ხარჯიც გაწიეს.
აღნიშნულ ოთხ კორპუსში არსებული ფართები "მეტრომშენის: თანამშრომლებს კანონიერ მფლობელობაში 1993 წელს, "თბილმეტრომშენის პროფკომიტეტის" გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცათ. 2013 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართები კანონიერ მოსარგებლეებს საკუთრებაში გადასცა. შენობაში თვითნებურად შესული მოქალაქეები სწორედ ამ გადაწყვეტილების არარად ცნობას ითხოვენ,
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გამოიკვლია მათ განცხადებებში მითითებული გარემოებები და მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ არსებობს ამ აქტების არარად აღიარების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება გამგეობამ განმცხადებლებს დღეს გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფასა და მათ რეგისტრაციას ავალდებულებს, მერიამ უსახლკაროთა პრობლემების გადაჭრაზე კომპლექსურად დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით:
შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რათა თვითნებურად შეჭრილი პირები გამოსახლების შემდეგ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ. ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას თბილისის მერია უწევს.
ორხევის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საცხოვრისის მშენებლობა, გარდამავალ პერიოდში კი თბილისის მთავრობა ქირით უზრუნველყოფს უკანონოდ შეჭრილ პირებს.მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა დაიწყო უსახლკაროდ დარჩენის მიზეზების კვლევა, მომავალში პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.
ორხევში შენდება საცხოვრისი იმ 76 ოჯახისათვის, რომელიც ამ დროისთვის უკანონოდ არის შეჭრილი ისანში, ჰოლბრუკის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე და ზღვის უბანში მდებარე კორპუსებში.
ამ კონტინგენტისთვის მიმდინარეობს დამატებითი ალტერნატიული ფართის მოძიება საცხოვრისის მოსაწყობად.
ლილოში სრულდება 240 ბენეფიციარისათვის თავშესაფრის მშენებლობა, რომელიც ჩაანაცვლებს მოსკოვის პროსპექტზე მდებარე მიუსაფართა თავშესაფარს.
მიმდინარეობს მუშაობა უსახლკაროთა რეგისტრაციის ნორმატიული საფუძველების შემუშავებაზე. ჯანდაცვის სამინისტროში არსებული უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახალხო დამცველის ოფისი.