ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსების მიერ სამხრეთ-ოსეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ლატვია რუსეთს მოუწოდებს საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მხარეს მიმართავს რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან და განსაკუთრებით რუსეთს მოუწოდებს, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“, _ წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის აღმოსაფხვრელად გამოსავლის პოვნაა საჭირო.
„ლატვია მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კონფლიქტის აღმოსაფხვრელად მოლაპარაკებები ჟენევას ფორმატში უნდა გაგრძელდეს და ხანგრძლივი გამოსავლის პოვნაა საჭირო“, _ აღნიშნულია განცხადებაში.