ოთხი ბინა, ორი ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი – ეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის უძრავი ქონებაა.
კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ებრალიძემ 2015 წლის 14 ივლისს შეავსო, ებრალიძე ფლობს ბინას ბაკურიანში, რომლის ფართიც 30.00 კვ.მ-ია; ასევე, 105.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, ედიშერ მაღალაშვილის 9 ნომერში; ბინას ბაგებში წყნეთის გზატკეცილის 37 ნომერში, რომლის ფართობი – 65.20 კვ.მ-ია; მისი მეუღლის მედეა ქვრივიშვილის საკუთრებაშია 330.00 კვ.მ-ის ბინა თბილისში, რამიშვილის 5ბ ნომერში;
დავით ებრალიძე ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთაში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობი – 5000.00 კვ.მ-ია. ასევე ოჯახის საკუთრებაშია ორი ავტოფარეხიც – მედეა ქვრივიშვილის კუთვნილებაა ავტოფარეხი თბილისში, რამიშვილის 5ბ ნომერში, რომლის ფართობი – 32.00 კვ.მ-ია, ხოლო დავით ებრალიძის საკუთრებაშია ავტოფარეხი თბილისში, ედიშერ მაღალაშვილის 9 ნომერში, ფართობი – 15.00 კვ.მ.
ასევე, მედეა ქვრივიშვილის საკუთრებაშია ორი – 2010 და 2012 წელს გამოშვებული „ჰიუნდაის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანები.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, წინა წელს დავით ებრალიძეს არანაირი შემოსავალი არ მიუღია.
მისმა მეუღლემ კი, შპს ებრალიძე და კომპანიიდან, სადაც მას დირექტორის პოზიცია უჭირავს 7500.00 ლარი მიიღო. ამავე კომპანიის პარტნიორის პოზიციიდან კი 3114.00 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში დავით ებრალიძეს „ბაზის ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 4350.00 ლარი და 50 დოლარი, თი-ბი-სი ბანკის სახელფასო ანგრაიშზე 800.00 ლარი, საქართველოს ბანკი სახელფასო ანგარიშზე კი, 7834.00 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, ებრალიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 30000.00 დოლარი.
მის მეუღლეს, მედეა ქვრივიშვილს კი, რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე 8500.00 დოლარი, 40 ევრო და 5300.00 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ დავით ებრალიძემ 2014 წელს , 70000.00-ლარიანი ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და მშენებარე ფართი შეიძინა და თანხა სრულად გადაიხადა.
ასევე, ებრალიძემ 2015 წლის 20 იანვარს (ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 20 იანვარი) ბინის ქირავნობის ხელშეკრულებაც დადო, რომლის საფასურად დეკლარაციაში 800 დოლარია მითითებული, თუმცა შემოსავლის სახით ჯერჯერობით თანხა არ მიუღია.