"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ და "თავისუფალი ზონის" წევრმა ბესო ქათამაძემ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულისა და მაჟორიტარი დეპუტატის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
მჟავანაძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაციები და ვრცელი სია ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც გახვეულნი არიან მსგავს კორუფციულ გარიგებებში:
"გვინდა გამოვეხმაუროთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის შოთა ართმელაძის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის დაბა ნასაკირალში ტარიელ ანთაძის დაკავების ფაქტს.
ჩვენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კორუფციულ გარიგებებზე და სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე.
სამწუხაროდ დღევანდელი ფაქტი არ არის ერთადერთი, არსებობს ძალიან ვრცელი სია იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც გახვეულნი არიან კორუფციულ გარიგებებში.
აღნიშნულ საკითხთნ დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ კორუფციული გარიგებების კონკრეტულ სქემებს და ამ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე თანამდებობის პირების ჩამონათვალს."_ განაცხადა მჟავანძემ პრესკონფერენციაზე.