”3%-იანი ბარიერი მოფიქრებულია იმისთვის, რომ დიდი ხმაური არ იყოს და რაღაც პატარა ძვალი გადაუგდონ პარტიებს, რათა მთავარი სკანდალი გადაფარონ”, _ ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის, 5%-დან 3%-მდე შესაძლო დაწევის შესახებ.
გია ხუხაშვილის თქმით, ხუხაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროცესზე, რომელიც წარმართა.
“ჩნდება ფუნდამენტური კითხვა _ რას ვიხილავდით ამ თვეების განმავლობაში? ძირითადად იხილებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და დისკუსია იყო ამ პრიზმაში გამართული და, საბოლოო ჯამში, ”ქართული ოცნება” იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა. ეს არის მთავარი სკანდალი და ეს 3%-იანი ბარიერის იაფფასიანი შეთავაზება მოფიქრებულია მხოლოდ იმისთვის, რომ მთავარი სკანდალი გადაიფაროს. მე მაინტერესებს, როცა ირაკლი კობახიძემ ამხელა ამბები ატეხა, ამხელა სკანდალი მოაწყო, პრეზიდენტთან კონფრონტაციაში შედიოდა ამის გამო, ვის პროექტს ვიხილავდით? – ”ქართული ოცნების” პროექტს, თუ ირაკლი კობახიძის პირად მოსაზრებას? ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, როცა ადამიანმა, ფაქტობრივად, სერიოზული მასშტაბური დისკუსიები აწარმოა და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ საკუთარ ოჯახში არ ჰქონია შეთანხმებული ის, რაზეც გველაპარებოდა. იღებს ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ პროცესზე, რომელიც წარმართა? თუ თავისი პირობა, რომ გადადგებოდა, შეჭამა და დაავიწყდა?! შეიძლება მას დაავიწყდა, მაგრამ ჩვენ არ დაგვვიწყებია. მას ჰქონდა ეს პირობა მიცემული და რა პასუხი აქვს ამ პირობაზე?”, _ განაცხადა გია ხუხაშვილმა.