ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე, გაზის სუნის მომატებასთან დაკავშირებით, შემოსული ზარების რაოდენობა გაიზარდა. თბილისის მერია საკითხში გასარკვევად დაუკავშირდა შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" და შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისს". მათ მიერ გაკეთებულ ერთობლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. აღნიშნული ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნულის გამო "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საავარიო-სადისპეჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114) და სამაშველო სამსახურის ნომერზე (112) მკვეთრად მოიმატა აბონენტთა ზარებმა.
14-დან 18 ივლისის ჩათვლით შემოვიდა 2 000-ზე მეტი შეტყობინება, რაც კომპანიაში ერთი თვის განმავლობაში შემოსული შეტყობინებების 90%-ს შეადგენს. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. ვინაიდან შემოსულ ყველა ზარზე ერთდროულად პასუხის გაცემა ტექნიკურად შეუძლებელია, აბონენტებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ოპერატორი მის ზარს არ პასუხობს. "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ არცერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილის" კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან"- აცხადებენ "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა" და "ყაზტრანსგაზ-თბილისში".