ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ჩამოვიდა. ტუსკი თბილისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დახვდნენ.
აეროპორტიდან ტუსკი ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და დონალდ ტუსკის შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრების დასრულების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დოლანდ ტუსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთანაც გამართავს შეხვედრას.
გარდა ამისა, ავლაბრის სასახლეში დაგეგმილია აუდიენცია ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტთან, რომელსაც საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები სიტყვით მიმართავენ.
დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი 21 ივლისს დასრულდება.