"მე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი ივლიტას ლექტორი ბაკალავრიატში. მას ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასებები ბევრ საგანში, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მისგან ვგრძნობდი ენერგიას, ვგრძნობდი, რომ ღირდა ის ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი, _ განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომუკ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა "ივლიტას ბიბლიოთეკის" გახსნაზე.
აბაშიშვილმა ივლიტასთან ბოლო შეხვედრა და საუბარიც გაიხსენა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
_ ალბათ ეს არის ინიციატივა, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონებოდა. მინდა, რომ წარმატებები გისურვოთ. ვნახე კადრები, რომ ეს მოხალისეებმა გააკეთეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არამარტო აქ მაცხოვრებლების საყვარელი ადგილი, არამედ სტუმრებისთვისაც. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ როდესაც ჩოხატაურში მომიწევს ყოფნა, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოვინახულებ ამ მშვენიერ ბიბლიოთეკას. ასევე გეტყვით, რომ სანიშნი, რომელსაც "ივლიტას ბიბლიოთეკა" აწერია ჩემთვის იქნება ყოველდღიური ნივთი, რომელიც მე ძალიან დამჭირდება, _ აღნიშნა აბაშიშვილმა.