შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 5 ამპულა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი "ტრამადოლი" აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიკამენტი სომხეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე პ.ვ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე. კერძოდ, პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა გერმანიის მოქალაქე ვ.ე., რომლის ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტი "ტრამალი" (10 კაფსულა) აღმოაჩინეს.
აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩნდა თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის ორ მოქალაქესაც. კერძოდ, ე.ც.-ის ხელბარგში 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, ხოლო ს.მ.-ის ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერების კოდეინის და ფსიქოტროპული ნივთიერების ფსევდოეფედრინის შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
17 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის "სედალგინ ნეოს" შემოტანა სცადა 19 ივლისს აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.ჰ.-მ.
აღნიშნულ საქმეებს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება იძიებს.