ფრაქცია "ლანჩხუთი – ევროატლანტიკური მომავლისთვის" შექმნის კანონიერება დღეს გამართული ლანჩხუთის საკრებულოს ბიუროს სხდომის მთავარი საკითხი იყო. ბიუროს უმრავლესობის წევრი დეპუტატები ეჭვს გამოთქვამდნენ ფრაქციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და შესაბამის განმარტებებსაც ითხოვდნენ.
ბიუროს რეგლამენტი მთლიანობაში 12 საკითხს მოიცავდა, პირველ საკითხად სწორედ ფრაქციის შექმნის შესახებ დასკვნა სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ გამოიტანა. ბიწაძის თქმით, კომისიას ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადებით მიმართა სამმა დეპუტატმა და რახან ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში იყო, კომისიამაც დადო დასკვნა ფრაქციის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ.
ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ამ მოხსენების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კახა ურუშაძემ მას კითხვით მიმართა თუ რატომ არის აღნიშნული ფრაქციის შექმნის კანონიერებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იურისტებში?!
საპასუხოდ ბიწაძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ მას მსგავსი არაფერი სმენია და არც არანაირი იურისტის დასკვნა არ უნახავს ამასთან დაკავშირებით.
ურუშაძეს მისივე თანაპარტიელი ია ჩხაიძეც გამოეპასუხა და ფრაქციის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა, აქვე იურისტებს მოუწოდა დასკვნის დადება ახლადშექმნილი ფრაქციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
ბიუროზე მყოფმა საკრებულოს იურისტმა კი განაცხადა, რომ ფრაქცია "ლანჩხუთი-ევროატლანტიკური მომავლისთვის" სავსებით კანონიერად შეიქმნა, თუმცა შემდგომში გარემოებების შეცვლის გამო, რახან ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ელგუჯა ჩხაიძე გაირიცხა "თავისუფალი დემოკრატების" რიგებიდან, მისი მოსაზრებით უმჯობესი იყო ეთიკის კომისიას ხელახლა ემსჯელა ამ საკითხზე და შესაბამისი დასკვნაც დაედო.
საბოლოოდ, უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ, რადგან ჩხაიძე არც ერთი პარტიის წევრი აღარ იყო, ფრაქციის კანონიერების შესახებ ეთიკის კომისიის დასკვნა გადასახედი იყო.
"ვცდილობ ვიყო მართალი და ობიექტურიც. ვეთანხმები რომან ბიწაძეს, რომ თავის დროზე ფრაქცია სავსებით კანონიერად შეიქმნა, თუმცა შემდგომ გარემოებები შეიცვალა, ჩხაიძე დარჩა პარტიის გარეშე. თუკი ბატონი ელგუჯა სხვა პარტიაში გაწევრიანდა, პრობლემა არ არის. ეს საკითხი დაუბრუნდეს კომისიას, განიხილოს და თუ კანონიერი იქნება პრობლემა არ არის, მხარს დავუჭერთ", – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გოგი ხელაძემ.
ხელაძის ამ კომენტარმა ბიუროზე სტუმრის სტატუსით მყოფი დეპუტატის კახა ასკურავას აღშფოთება გამოიწვია და მანაც ნებართვის არმიცემის მიუხედავად, რაც უშუალოდ გოგი ხელაძის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, მაინც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
"აბსურდია, კანონში წერია სადმე წერია თუკი ფრაქციის წევრი უპარტიოდ დარჩება მერე რა ხდება?! ეს არის პოლიტიკური დასკვნა. ასეთი პოლიტიკური დასკვნების გამო თქვენ მალე დატოვებთ ხელისუფლებას", – განაცხადა ასკურავამ და დარბაზი დატოვა.
მოკლედ, თავად კოალიციის წევრს რომან ბიწაძეს, უმრავლესობასთან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას შეკამათება მოუვიდა. საბოლოოდ კი, ბიწაძემ შოთა მალაშხიას მიერ ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტიც წარმოადგინა, რომლის მიხედვით გაირკვა, რომ ელგუჯა ჩხაიძე სულაც არ ყოფილა უპარტიო და "თავისუფალი დემოკრატების" რიგებიდან გარიცხვის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიაში გაწევრიანებულა.
ბიუროს სხდომის დასასრულს გადაწყდა, რომ ეთიკის კომისია ხელახალ დასკვნას დადებს ფრაქციის შექმნის კანონიერებასტთან დაკავშირებით და სესიაზეც, რომელიც 31 ივლისისთვის ჩაინიშნა, ამ საკითხს ისევ გაიტანენ. თუმცა, სანაცვლოდ ბიწაძემ იურისტისგან მოითხოვა სათანადო დასკვნა, თუ რატომ და რის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისმა კომისიამ ხელახლა აღნიშნულ საკითხზე.