თბილისის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით, სპორტის დარგში ქონების გადასახადის არსებული განაკვეთი 1000-ჯერ მცირდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სიახლე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და სფეროს სხვა წარმომადგენლებს გააცნეს.
ცვლილება "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ" დადგენილებაში შევიდა. ცვლილების მიხედვით, სპორტის დარგში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1%-ის ნაცვლად 0,001% იქნება. აღნიშნული განაკვეთი ძალაში უკვე შევიდა და 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე აღიცხულ ქონებას, კერძოდ, სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხება.
"გადაწყვეტილება ძალაშია, სპორტულ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ შესაბამისი შეღავათებით სარგებლობა. ხშირ შემთხვევაში, სპორტული დაწესებულებების საქმიანობა არ არის უხვშემოსავლიანი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა რომ სპორტულად აღვზარდოთ მომავალი თაობები, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ამ სფეროს განვითარებას. ვფიქრობ, ეს ცვლილება სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის დადგენის მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სპორტული ფედერაციების, საფეხბურთო კლუბების, სხვა სახელმწიფო და კერძო სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს.
აქამდე არსებული განაკვეთით, სახელმწიფო და კერძო სპორტულ ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ. აღნიშნული დავალიანების დაფარვა სპორტის დარგში საქმიანობიდან თითქმის შეუძლებელია. შეღავათიანი განაკვეთის დადგენა სპორტის დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.