დოლარის გამყარებისა და მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯერჯერობით, ტარიფის ცვლილება მხოლოდ რეგიონის მოსახლეობას ეხება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გადასახადი უახლოეს მომავალში დედაქალაქშიც გაიზარდოს.
აქსვ თუ არა თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადის გაძვირებაზე ინფორმაცია და როგორია ტარიფში შეტანილი ცვლილების მიმართ მათი პოზიცია, ამ კითხვებით, „გურია ნიუსმა“ დედაქალაქის მაცხოვრებლები გამოკითხა.
გამოკითხვა თბილისის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ჩატარდა.
თბილისის მოსახლეობის გამოკითხულთა შედეგების მიხედვით, ელექტროენერგიაზე ფასის მატებასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ აქვთ, ნაწილი კი ამბობს, რომ თუ ელექტროენერგია გაძვირდება, მაშინ უშუქოდ მოუწევთ ყოფნა.
„ელექტრო ენერგიის გაძვირების შესახებ საერთოდ არაფერი მსმენია. პურის ფულს ძლივს ვშოულობ და თუ დენს გააძვირებენ როგორ გადავიხადო? ალბათ, სიბნელეში დავჯდები. პენსიიის გარდა, სხვა შემოსავალი არ მაქვს. სიღნაღიდან ჩამოვდივარ და მზესუმზირასა და ჩურჩხელებს ვყიდი ოჯახი რომ ვარჩინო. სახლში 2 პატარა ბავშვი გვყავს და მშივრები როგორ დავტოვო? თუმცა ვერც ვერაფერს ვშოულობ, სიმართლე რომ ვთქვა. დღეს მითხრეს უცხოელი სტუმრები გვყავს და ადექი, აღარ გაყიდო არაფერიო. კი მაგრამ, რა ვქნა? ჩვენმა მთავრობამ ეტყობა უცხოელებს უნდა მიხედოს, საკუთარი მოსახლეობის გასაჭირი კი გულთან ახლოს არ მიიტანოს. სამი თვე სიღნაღის რაიონში შუქის ქვითარი არ მოსულა, მრიცხველები შეცვალეს და არ მუშაობდა, მერე მოვიდნენ და არ ვიცი როგორ გამოთვალეს, მთელ მოსახლეობას ზეპირად გამოგვიანგარიშეს სამი თვის დავალიანება. დღესაც ძველ ვალს ვიხდი. თუ კიდევ გააძვირებენ, შევარდნაძის დროს შუქი მაინც არ გვქონდა და ნავთსაც კი ვერ ვყიდულობდით, ვიდრე სააკაშვილი არ მოვიდა, მთელ ნუკრიანს ისევ უშუქოდ მოგვიწევს ყოფნა.“ _თქვა 76 წლის ლონდამ.
25 წლის ლინდა „გურია ნიუსთან“ საუბარში ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში საკონდიტრო ნაწარმზე ფასის მატებას არ გამორიცხავს.
„ელექტრო ენერგიაზე ტარიფის მომატება, რა თქმა უნდა, ჩემს ბიუჯეტს ძალიან დააზარალებს, თან შუქზე ტარიფის ზრდა პარალელურად საკონდიტრო ნაწარმზეც გამოიწვევს ფასის ზრდას, სადაც ელექტრო ღუმელები აქვთ. ალბათ, პურიც გაძვირდება რაც ძალიან ცუდია, როცა ადამიანს ისედაც მცირე შემოსავალი აქვს.“_ამბობს 25 წლის დასაქმებული ლიკა.
„გადადასახადებმა არ უნდა მოიმატოს. ჩვენ საწყალმა ხალხმა რა ვქნათ? მე გაძვირების წინააღმდეგი ვარ. ალბათ, რამე სქემას შეიმუშავებს სახელმწიფო და რამით დაგვეხმარება, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს“, _ ამბობს 50 წლის ირაკლი.
35 წლის ნინოს თქმით, 21-ე საუკუნეში, მოსახლეობა უშუქოდ არ დარჩება და მომტებულ გადასახადს გადაიხდის.
„ელექტროენერგიის გაძვირებაზე ჯერ არაფერი მსმენია, პირველად მესმის. ძალიან ცუდია, მაგრამ ალბათ საჭიროა და ამიტომ აძვირებენ. რატომ არ ფიქრობს ეს მთავრობა თუ რას გვიკეთებს ჩვენ გაჭირვებულ ხალხს, მაგრამ სხვა გზა არ გვექნება და რაც არ უნდა დავხარჯოთ მაინც გადავიხდით. აბა 21-ე საუკუნეში უშუქოდ ხომ არ დავრჩებით?“_ ამბობს 35 წლის დიასახლისი ნინო.
კიდევ ერთი რესპონდენტის თქმით კი, ტარიფის გაძვირების გამო მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს.
„რადგანაც ძვირდება ესე იგი საჭიროა. ისედაც რთული ვითარებაა ქვეყანაში და მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება და ტარიფსაც გააიაფებენ. რამდენადაც ვიცი, მერიამ განაცხადა, რომ შეღავათები ექნება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ასე რომ საგანგაშო არაფერია.“_ამბობს 42 წლის ლაშა.
თუმცა, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ფასის გაძვირება მათ უშუქოდ დატოვებს, რადგან მომატებულ გადასახადს ვერ გადაიხდიან.
„ძალიან ცუდია კიდევ რამის, მითუმეტეს ელექტროენერგიის გაძვირება. ზამთარში ისედაც ვერ ვთბები, და ახლა თუ კიდე გააძვირეს საერთოდ უშუქოდ დავრჩები.“_აღნიშნა ჩვენთან საუბრისას 67 წლის პენსიონერმა მარიამმა.
მმართველი გუნდის მიმართ უკმაყოფილება „გურია ნიუსთან“ საუბრისას 55 წლის დათომაც გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ იმედი აქვს სახელმწიფო ხალხს კიდევ ერთხელ არ მოატყუებს.
„არ ვიცი ჩვენი სახელმწიფო სადამდე მივა. ჯერ ტყუილი დაპირებებით გაგვბერეს, ახლა გვპირდებიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ ვაგრძნობინებთ გადასახადის გაზრდასო, ნეტა შეასრულებენ? დიდი იმედი არ მაქვს, აღარ მჯერა. მაგრამ იმედია ახლა მაინც არ გასცემენ დაპირებას ტყუილად და ხალხს კიდევ ერთხელ არ დააღალატებენ._ ამბობს 55 წლის დათო.