FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებას ეხებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ საუბრისას ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურს სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციები უნარჩუნდება, მაშინ როცა "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფილ უსაფრთხოების სამსახურს ეს ფუნქცია არ უნდა ჰქონოდა.
კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მართლაც უნდა მომხდარიყო ორი უწყების ერთმანეთისგან გამიჯვნა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში პოლიციური ფუნქციები, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილება რჩებოდა.
ახალი კანონით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კლასიკური საპოლიციო უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი. კერძოდ, საქმის გამოძიების, პირთა ძებნა-დაკავების, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების და სხვა. აღნიშნულთან მიმართებით საგულისხმოა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციის თანახმად, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მაღალი რისკი და ფუნქციათა დუბლირება, უსაფრთხოების სამსახურებს არ უნდა გააჩნდეთ კლასიკური საპოლიციო უფლებამოსილებანი, როგორიც მაგალითად გამოძიება და დაკავება/დაპატიმრებაა.
მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს პარტლამენტმა 78 ხმით "უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა. მან არ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის შენიშვნები და საარჩევნო დაპირების მიუხედავად, უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების უფლების მიანიჭა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ირაკლი ჩიქოვანის განცხადება სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებაც გადაამოწმა. პარლამენტის სხდომაზე მეჭიაურმა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა კანონპროექტის შესახებ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
2015 წლის 22 მაისს თამაზ მეჭიაური საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი უნდა გამოეყოს და დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს.
საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმით, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას გულისხმობს. ამ სფეროში ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების შემთხვევაში კი, ევროკავშირი საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებასა და საკანონმდებლო ინიციატივის პროცესში ევროკავშირის ექსპერტების ჩართვას სთავაზობს. თუმცა, ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩართულნი არ ყოფილან.
ასევე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა ეკონომიკურმა ექსპერტმა პარლამენტში ინიცირებული ეს საკანონმდებლო ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკეს. გავლენიანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავჯდომარეს კრიტიკული წერილით მიმართეს და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა ინიცირებული კანონპროექტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა.
შესაბამისად, თამაზ მეჭიაურის განცხადება მცდარად შეფასდა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებას ეხებოდა. მინაშვილის თქმით, ევროკავშირის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, 2014 წლის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და დაშინება გამოძიების პროცესში არის ჩვეულებრივი ამბავი საქართველოში.
საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრობს არა მხოლოდ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული 2014 წლის ანგარიში, სადაც ცალსახად წერია, რომ "შეშფოთების საფუძველს იძლევა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და გამოძების პროცესში დაშინების ხშირი ფაქტები", არამედ ეუთოს მონიტორინგის დასკვნაც. ასევე, იმავე პრობლემას უსვამს ხაზს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ანგარიშები, რომელთა შესახებაც აკაკი მინაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, აკაკი მინაშვილის განცხადება სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა ორგანიზაცია "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებაც გადაამოწმა.
ლარის კურსის ვარდნისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუარესების ფონზე, ფინანსთა სამინისტრომ 2015 წლის ბიუჯეტის გადახედვისა და ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო ხარჯების შემცირების შესახებ ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს განაცხადა, ხოლო კორექტირებული ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი მიმდინარე წლის ივნისში წარადგინა.
კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ რეალურად, არა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, არამედ სხვადასხვა მუხლებს შორის მხოლოდ ხარჯების გადანაწილება მოხდა.
ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო შემოსულობების და გადასახდელების გეგმა 25 მლნ ლარით იზრდება. შემოსულობების ზრდა ძირითადად არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან და სახელმწიფო ვალის ზრდიდან მისაღები შემოსავლების ხარჯზე ხდება.
ბიუჯეტის ახალი ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფოს მიმდინარე ხარჯები 11 მლნ ლარით იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროების ნაწილს ბიუჯეტის კორექტირების შედეგად დაფინანსება უმცირდებათ, სახელმწიფო ორგანოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა ჯამში მაინც არ იცვლება.
17 ივლისს პარლამენტმა ბიუჯეტის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი უფრო ახლოს იქნება რეალობასთან, რადგან აქამდე მოქმედი ბიუჯეტი ლარის 1.8 კურსზე და 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი. თუმცა, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირება არ მომხდარა იმ კუთხით, რომ მომავალში ბიუჯეტმა დადებითი როლი ითამაშოს ლარის კურსის სტაბილურობაში. ამისთვის, ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება იყო აუცილებელი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რომან გოცირიძის განცხადება სიმართლედ შეფასდა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. პრემიერის თქმით, მიუხედავად ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისა, 2015 წლის პირველი ორი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და ჩავარდნა პრაქტიკულად არ შეინიშნება.
ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. გადაჭარბებით შესრულება დაუგეგმავი შემოსავლების მიღებამ, ლარის კურსის გაუფასურებამ და ინფლაციის მაჩვენებლის ამაღლებამ გამოიწვია. თუმცა, ჩავარდნაა გრძელვადიანი საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტების მოზიდვაში, რაც მიმართულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ამავე დროს, ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის მოზიდვის მნიშვნელოვანი წყაროა. ჩამორჩენამ დაახლოებით 50 მლნ დოლარი შეადგინა, რაც დოლარში გამოსახული ორი კვარტლის გეგმის 35%-ია.
ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები და ვალის მომსახურება) 96.3%-ით შესრულდა. უკვე მესამე წელია ხარჯვითი ნაწილის ათვისება წლის განმავლობაში ჩამორჩენით მიმდინარეობს და მთავრობა გეგმის შესრულებას წლის ბოლო თვეებში დაჩქარებული ხარჯვით ცდილობს. ხარჯებში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (88%-ით) კაპიტალური ხარჯები შესრულდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.
FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.