საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ჩელენჯერის" კატეგორიის ტურნირი მოიგო. ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლოზმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდრეი კუზნეცოვი 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილს რუსის დასამარცხებლად 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა 5 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. კუზნეცოვს 7 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 6 150 ევრო მოიგო და რეიტინგში 90 ქულა დაიმატა. ამ დროისთვის ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილი 90-ე ადგილზე იმყოფება. ხვალ კი ოფიციალურად განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდება და პირველი შემთხვევა იქნება, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის იქნება.
ამ კვირას ბასილაშვილი იტალიაში ბიელას საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) პირველ ნომრად ჩაებმება. სტარტზე პორტუგალიელ პედრო სოუზასთან გაარკვევს ურთიერთობას.
ბაქოში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდის ძალებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. პირველ წრეში მან ავსტრიელი პატრისია მაიერ-ახლეიტნერი დაამარცხა – 2:6, 6:3, 6:2. დღეს რუმინელ პატრისის-მარია ტიგს გაუწევს მეტოქეობას.