სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, ნინო სალუქვაძეს ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულა – რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა უკრაინელ ოლენა კოსტევიჩთან წააგო და მეოთხე ადგილს დასჯერდა.
სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 585 ქულით დაასრულა. პირველი უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კოსტევიჩი იყო 587 ქულით, ვისთანაც მოგვიანებით ბრინჯაოს შეხვედრა დათმო. ქართველმა მსროლელმა უფრო ძლიერად შეჯიბრების მეორე ნახევარი – სწრაფი სროლები ჩაატარა და ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა.
ნინომ ნახევარფინალშიც კარგად ისროლა, საუკეთესო ოთხეულში მოხვდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო. მან 13 ქულა დააგროვა, მის წინ კი 16-იანთა სამეული აღმოჩნდა: კოსტევიჩი, ბელარუსი ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის პრიზიორი ვიქტორია ჩაიკა და უნგრელი ევროპის ვერცხლის მედალოსანი სოფია ჩონკა.
ოქროს მედლისთვის პაექრობაში ჩონკამ 8:6 მოუგო ჩაიკას, კოსტევიჩმა კი 7:5 აჯობა სალუქვაძეს, რომელიც საგზურს დაისაკუთრებდა იმის მიუხედავად, თუ როგორ განაწილდებოდა საბოლოო ადგილები, რადგან ამ კვარტეტიდან ჩაიკას და კოსტევიჩს უკვე ჰქონდათ ლიცენზიები ანუ ევროპირველობაზე განსაზღვრულ ორ კვოტას უნგრელი და ქართველი მიიღებდნენ.
სალუქვაძისთვის ეს მერვე ოლიმპიური თამაშებია, რითაც რეკორდსმენია არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ამ სახეობაშიც – მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო