დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა წლებია წარმოადგენს კრიტიკის საგანს ადგილობრივი/ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტების აღსრულებას: ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.
უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფდეს: სამართლიანი, თანასწორი, ფარული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას; ამომრჩეველის ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში; წარმომადგენლობითობისა და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.
ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მაისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სავალდებულო გახადა საარჩევნო ოლქების საზღვრების ხმების თანაბარწონადობის პრინციპი ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დადგენა.
ვფიქრობთ რომ საარჩევნო სისტემა არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მსჯელობის საგანი – საზოგადოებამ ნათლად უნდა გააცნობიეროს და ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რამდენადაც საარჩევნო სისტემა განსაზღვრავს პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციას მომავალ პარლამენტში, მთლიანად ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობასა და ქმედუნარიანობას. ამდენად, საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო სისტემა, უნდა გადაწყდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის პირობებში, საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე.
ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ძირეული რეფორმის დაგეგმვა – გახორციელებისათვის სულ უფრო მცირე დრო რჩება, ხოლო საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ოლქების კონფიგურაციის ცვლილება გარდაუვალი აუცილებლობაა, მოვუწოდებთ:
აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას: ფართო საზოგადოებრივ – პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, უმოკლეს დროში, შექმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა მიღწეული იქნას კონსენსუსი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას: დაუყოვნებლივ მოიწვიოს სხდომა საარჩევნო სისტემის საკითხის ძირეული განხილვის მიზნით.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის