საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეს დღეს, იტალიის საკურორტო ქალაქ რიჩიონეში მოხდა, სადაც ქართველებმა გადამწყვეტ მატჩში სერბეთს მოუგეს და შესარჩევი ტურნირიდან ეროპირველობის ფინალური ეტაპის ბოლო, მე-5 საგზური წამოიღეს.
ქართველებს საგზურის მოპოვების შანსი დღესვე ჰქონდათ, როცა მეოთხედფინალში პოლონეთს შეხვდნენ. მეოთხედფინალების მომგები გუნდები იტალიის კურორტზე გასათამაშებელ 4 ევროსაგზურს ინაღდებდნენ, თუმცა ქართველებმა დიდი ბრძოლის მიუხედავად, ვერ მოახერხეს უძლიერესი პოლონელების დამარცხება – შეხვედრა 10:15 დათმეს. პოლონეთმა შემდეგ ნახევარფინალში მასპინძელ იტალიას 13:12 სძლია და ფინალში გავიდა, საქართველოს კი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების 1/4 შანსი დარჩა. ანუ მეოთხედფინალში წაგებულ 4 გუნდს რიჩიონეს შესარჩევი ტურნირზე გასათამაშებელი ევროპირველობის ბოლო საგზური უნდა გაეყოთ.
პირველ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველომ მეოთხედფინალში იტალიასთან წაგებული ბულგარეთი 14:7 გაანადგურა და მთავარ მიზანს 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. ეს ნაბიჯი სერბეთის დამარცხება იყო, რომელმაც პარალელურ საკვალიფიკაციო მატჩში სლოვაკეთს შანსი არ დაუტოვა – 15:7 გაანადგურა.
საქართველო სერბეთთან ჯგუფურ ეტაპზე იყო და ბალკანელებთან 16:20 ჰქონდა წაგებული. სერბებმა ბოლო ტურის მატჩში ესპანეთს 12:10 მოუგეს და ჯგუფში ასპარეზობა ქართველების წინ – მე-3 ადგილზე დაასრულეს. ურთულესი, გადამწყვეტი, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ბრძოლა ვაჟკაცურად გადაიტანეს ქართველებმა. კოტე ბიწაძისა და ტარიელ ზუზაძის შედეგიანმა თამაშმა, რომლებსაც დიდ დახმარებას უწევრნენ ძალისმიერი ვასო კუტალაძე და მოქნილი მიხეილ ჯაჯვანი, შანსი არ დაუტოვა სერბებს, რომლებიც ქართველებს წინ ბევრით არ უშვებდნენ. 2-ჯერ ანგარიშიც გაგვითანაბრეს, თუმცა ვერც ერთხელ ვერ დაწინაურდნენ.
ბოლო წუთებზე ქართველებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და უფრო მეტად ტაქტიკური თამაშის წყალობით მივიდნენ გამარჯვებამდე. 19:15 საბოლოო ანგარიში და ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ოვაციები სათამაშო მოედანზე მთელი დელეგაციით გამოხატეს – ბიჭების მისალოცად კორტზე შევიდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და 3X3 ნაკრების ხელმძღვანელები – გიორგი ზაბახიძე, ალეკო პეტრიაშვილი და გიგა გურგენიძე.
საქართველოს დელეგაცია იტალიიდან ხვალ დაბრუნდება და მზადებას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის განაგრძობს, რომელიც მიმდინარე წლის 21-23 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია 11 გუნდი – ლიტვა, რუსეთი, მაკედონია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, საქართველო და მასპინძლელი ბელარუსი. ევროპირველობის კიდევ 5 მონაწილე 1-3 აგვისტოს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გასამართი მესამე და უკანასკნელი შესარჩევი ტურნირის შედეგად გამოვლინდება.
ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები კი, როგორც ზემოთ გაუწყეთ, 21-23 აგვისტოს კონტინენტის პირველობისთვის ერთმანეთს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაუპირისპირდება.
წყარო: gbf.ge