ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ, 54 წლის თამაზ ვაშალომიძეს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურა რამდენი დღეში ბრალს წაუყენებს _ ვაშალომიძეს სამართალდამცავები სახელმწიფო ქონების მითვისებას ედავებიან.
რამდენიმე თვის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, 41 ჰექტარ საყანე ფართობებში, მიწის საფარის ქვეშ არსებული მეორადი, რკინაბეტონის 800 მმ-იანი მილები ამოიღეს.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება 165 000 ლარს შეადგენს, მილების რაოდენობა 300 ცალია.
საყანე ფართობებიდან ამოღებული რკინაბეტონის მილები სოფელ გურიანთაში ე. წ. კარიერების ტერიტორიაზეა დასაწყობებული.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის პოლიციაში გამოძიება დაიწყო.
როგორც თამაზ ვაშალომიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, ხელშეკრულება მხოლოდ 300 ცალ მილზე იყო გაფორმებული, მაგრამ 159 ცალი ამოიღო, რადგან ვერ მოესწრო სოფელ ციხისფერდის საყანე ფართობებიდან მილების ამოღება, აქედან 5 ცალი სოფელს გადასცა, 12 ცალი კი რეალიზაციაში გაუშვა.
"ჩვენმა ოპერატიულმა პოლიციამ ჩაატარა რეიდი და გააჩერა რეალიზაციაში გაშვებული მილი მერიაში, 142 ცალი კი დათვლილი და ჩაბარებული მაქვს ოზურგეთის პოლიციის გამომძიებლისთვის ხელწერილით და სპეციალური აქტებით," _ამბობს ვაშალომიძე.
ვაშალომიძის განცხადებით, გურიანთის მოსახლეობასთან შეთანხმებისა და მორიგების საფუძველზე, მან მილების ამოღების სანაცვლოდ 47 ჰექტარი ყანის დახვნა-დათესვის ფული გადაიხადა.
თამაზ ვაშალომიძის თქმით, თავდაპირველად, როცა მან მილების ამოღება გადაწყვიტა, გაარკვია, რომ ეს მილები არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა.
"როცა, დავიწყე მილების ამოთხრა, გავიკითხე, მოვიძიე მასალები, რომ ვინმეს საკუთრება ხომ არ იყო. ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ მათი არ იყო; მივმართე წყალკანალს და არც მათი საკუთრება არ აღმოჩნდა; გადავამოწმე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროშიც, სადაც გავარკვიე რომ არ ირიცხებოდა სამინისტროს ბალანსზე,"_ ამბობს ვაშალომიძე და პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიზანმიმართულად აღძვრასთან დაკავშირებით საუბრობს:
"თავდაპირველად, პოლიციაში, გამომძიებელმა უჩა ჩაგუნავამ მითხრა, რომ ყველა ისტანციიდან მომივიდა პასუხი, რომ ეს მილები არავის საკუთრებას არ წარმოადგენსო. დაგვიბარეს სოფლის მოსახლეობასთან ერთად პოლიციაში და მითხრეს, რომ ამ საქმეში არანაირი დარღვევა არ გაქვსო. კიდევ დამიბარეს საღამოს 9 საათზე, რომ არანაირი ბრალი არ გედება და ჩვეულებრივად გააგრძელე მუშაობაო. მეორე დღეს, დილით მირეკავენ ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი შარაშენიძე და ისევ უჩა ჩაგუნავა, და მეუბნებიან, მოგვივიდა წერილი, რომ ეს მილები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებაო.
ანუ რა გამოდის _ წინა ღამით მითხრეს, რომ არავის საკუთრება არ არისო, მეორე დილას აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება ყოფილა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ერთ დღეში დააწერინეს წერილი ვიღაც კანკავას. იქნებ თქვენ გაარკვიოთ, ღამე თუ არ იყო ვინმეს საკუთრება, და დილას როგორ გახდა? "_ კითხულობს ვაშალომიძე და დასძენს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აშკარად იკვეთება ვიღაცის ინტერესები:
"ამის შემდეგ ეს საქმე წავიდა პოლიციის გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში, გამოძიებას კონკრეტულად გამომძიებელი მიშა დარჩია აწარმოებდა. წაყენებული მაქვს ბრალდება _ სახელმწიფო ქონების ქურდობა, რაც 6 დან 10 წლამდე ითვალისწინებს".
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ჩართულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები, რომელთანაც ბოლო პერიოდში შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი მდინარაძეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ურეკში მათ შორის საქმის "გარჩევებიც" იყო.
რამდენიმე წყაროს მტკიცებით, თამაზ ვაშალომიძის უკან ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ვიცე მერი ალეკო ბურჭულაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დგანან. წყაროს თქმით, სწორედ ეს გახდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი.
"გურია ნიუსის" წყარო ამბობს, თამაზ ვაშალომიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "გამოიყენეს" და როგორც შემსრულებელს, მათ ვაშალომიძეს "მფარველობა" სათანადოდ ვერ გაუწიეს, პოლიციამ კი ხელიდან არ გაუშვა რეზონანსული საქმე; მეტიც _ ნახეს სათანადო მომენტი და გამოძიებით ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გავიდნენ.
54 წლის თამაზ ვაშალომიძე უმძიმესად არის დაავადებული _ ორივე თირკმელი ამოცლილი აქვს და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიალეზზე იმყოფება. მისი თქმით, გადანატანი აქვს ინსულტიც.
თამაზ ვაშალომიძე ამბობს, რომ არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და მისთვის გაუგებარია, რატომ აღძრა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე:
_ რატომ გადამეკიდნენ, ვერ გეტყვით. არის ვიღაცეების ინტერესი. ალბათ ის, რომ რეზონანსული საქმეა, ამხელა სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებაა _ რა მილების ამოვიღე, 100 000 ლარის ღირებულებისაა, დაახლოებით 65 000 ლარის ღირებულების მილების ამოღება კი ვერ მოვასწარი.
_ ბატონო თამაზ, ჩვენი წყაროს თქმით, თქვენს უკან დგანან ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები…
_ კონკრეტულად, ვინ?
_ ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ვიცემერი ალეკო ბურჭულაძე. ეს უკანასკნელი თქვენი მეზობელიცაა… აგრეთვე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე .
_ ჭორია.
_ ამ ადამიანებთან რაიმე კავშირი არ გაქვთ?
_რა მაკავშირებს ბატონ ბეგისთან? ეს არცაა დასამალი _ დაახლოებით 30 წელია, სტუდენტობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, გვყავს ძალიან ბევრი საერთო მეგობარი, ნათესავი, თუმცა, არასდროს საერთო ბიზნესინტერესები არ გვქონია. ალეკო ბურჭულაძე ჩემი მეზობელი და მეგობარია, ერთად გაზრდილები ვართ; გელა კობალაძეც ჩემი ბავშვობის მეგობარია, როგორც სხვები, ყველა მიწყობს ხელს იმაში, რომ გავიკეთო თირკმელების ოპერაცია. თუმცა, გულახდილად შემიძლია გითხრათ, რომ მათ ამ მილებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
მეც გავიგე ეს ჭორები, მაგრამ არავინ არ დგას ჩემს უკან.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ სირაძე აღნიშნავს, მიმდინარეობს გამოძიება, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება:
"გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ქურდობის ფაქტზე, 177 მუხლით. საქმე ეხება რკინა-ბეტონის მილების დაუფლებას ფაქტს. გამოძიებას გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს", _ გვითხრა სირაძემ.
ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად ქალაქ ოზურგეთის პრესსამსახურს მივმართეთ. მიმართვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე თავად დაგვიკავშირდა და ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა: "სამსახურში ხარ? შვებულებაში არ გადიხარ? კი, მაგრამ, ამ ზაფხულში არ უნდა დაისვენო ამდენი შრომის შემდეგ? რატომ არ მირეკავთ,-ხოლმე, ამ ოფიციალურ მიწერა- მოწერას არ გირჩევნიათ, რომ დამირეკოთ და გიპასუხებთ? არასდროს არ მოგატყუებთ," _ ამბობს სიორიძე და განმარტავს:
_ ვეღარ მიხვდით ვეღარაფრით, რომ ბეგის არ ჰკიდია რაღაცა ტვირთები ზურგში? რა გაინტერესებს, აბა მითხარი? საიდან უნდა ვიცოდე, გურიანთაში ვინ ამოიღო რკინაბეტონის მილები? რა მაინტერესებს იცით? რატომ უნდა ვიდგეთ ამ ამბის უკან? ქალაქის ტერიტორიაა? "
_ბატონო ბეგლარ, რა გაკავშირებთ თამაზ ვაშალომიძესთან?
_ თამაზი ვაშალომიძე ჩემი მეგობარია? თამაზი ვაშალომიძისნაირი ან მისი მსგავსი მეგობრები მე არ მყავს. კი, ვიცნობ, თუმცა, ის ვერასდროს ვერ იქნება ჩემი მეგობარი, არც ალეკო ბურჭულაძის მეგობარია _ უბრალოდ, მეზობელია.
ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ გვაქვს, რაიმე სერიოზული მკითხეთ, რაა! დილის 7 საათიდან დავრბივარ, რა გავაკეთო ქალაქში. რაში მაინტერესებს, თამაზ ვაშალომიძე რას თხრის გურიანთაში? ერთი ის ვიცი, რომ თუ ვინმე რამეს აშავებს, ყველამ პასუხი უნდა აგოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჭკუა რომ ისწავლონ.
_ბატონო ბეგლარ, იყო თუ არა დაპირისპირება თქვენსა და გიორგი მდინარაძეს შორის?
_ რა დაპირისპირება უნდა ყოფილიყო? პოლიციას მისი საქმე აქვს და მე _ ჩემი.
_ იყო თუ არა ურეკში თქვენსა და მდინარაძის შორის "საქმის გარჩევები"?
_ოზურგეთი არ გიყვარს? მაშინ უფრო სხვანაირად მოიქეცით, რა… – გვითხრა სიორიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ვაშალომიძესთან კავშირს და მეგობრულ ურთიერთობას არ უარყოფს, თუმცა, მილების საქმეში ჩარევას და ბიზნესინტერესებს გამორიცხავს:
_ თამაზ ვაშალომიძეს დიდი ხანია ვიცნობ. მასთან არაფერი არ მაკავშირებს იმის გარდა, რომ ისიც ოზურგეთელია. მილების საქმის უკან ქალაქის მაღალჩინოსნები ვერ იქდგებიან, იმიტომ, რომ ეს ადგილი არ არის ქალაქის ტერიტორიაზე. როგორც ვიცით, ვაშალომიძეს ედავებიან სახელმწიფო ქონების მითვისებას, მაგრამ შესაბამისი ორგანოები დაადგენენ, იყო თუ არა ეს მილები სახელმწიფო ქონება. მფარველობა რას ნიშნავს? პოლიციის საქმეებში მერია და საკრებულო როგორ ჩაერევა?! არ ვიცი, საიდან გაჟღედა ეს ინფორმაცია. რაც შეეხება დაპირისპირებას, პოლიციის არც ერთ მაღალჩინოსანთან დაპირისპირება არასოდეს არ მქონია, არც შეხება მაქვს ამ სტრუქტურასთან, _ აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო-სვანეთის მომსახურების ცენტრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს გია ხურციძეს, რომელმაც გაგვიცხადა. რომ აღნიშნული მილები ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ჩვენს კითხვას, შეიძლებოდა თუ არა მომხდარიყო ერთ დღეში ცნობის დაწერა და გაცემა აღნიშნული ცენტრის დირექტორის გოჩა კანკავას მიერ, გია ხურციძე გვპასუხობს, რომ მათ იმოქმედეს კანონიერად და ყველა წესის დაცვით.