მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2010 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. აღნიშნული საკითხი დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საკითხზე თბილისის მერიას ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მიმართეს.
ირაკლი მახარაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2010 წელს დააკავა და პროკურატურის წარმომადგენლებმა მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, არაოფიციალურად მოსთხოვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა.
მახარაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება ირაკლი მახარაშვილის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენისა და საკუთრებაში კანონიერი ფლობის ფაქტი, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი მახარაშვილის მიერ მიწის უსასყიდლოდ მიტოვების ფაქტი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი უკან უბრუნდება მის კანონიერ მფლობელს.