საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში თედო ჯაფარიძემ შეხვედრები გამართა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიის საქმეთა დირექტორთან სელესტ ვოლანდერთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ეველინ ფარკასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის წევრთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის აპარატის წევრებთან, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტთან კენ უოლაკთან და ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტთან სტრობ ტელბოტთან.
შეხვედრებზე მხარეებმა რუსეთში, უკრაინასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება განიხილეს. ხაზი გაესვა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს. მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობების და მათი შემდგომი გაღრმავების თაობაზე მოსაზრებები გაუზიარეს. მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონის მიმართ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და სამომავლო გეგმები.
ასევე შეხვედრებისას საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, აშშ-სა და ევროპის როლს ამ კონფლიქტში, საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში და რუსეთის პოლიტიკას რეგიონის ქვეყნების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო ქმედებებს და პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე მხარეებმა 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის დასახული გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, არაფორმალურ გარემოში თედო ჯაფარიძემ შეხვედრა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს წევრთან ჯონ მაკლაფლინთან გამართა..