ფლობდე საკუთარ კუნძულს ოკეანეში – მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ასეთი ოცნება. თუმცა, ამ ოცნების ახდენა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ. "ფორბსის" მილიარდერები სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან, მათ იმდენი საშუალება აქვთ, რომ საკუთარი ოცნებები თავად აიხდინონ.
"ლანაი" – ლარი ელისონი
კუნძული ლანაი ჰავაის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის და 98 პროცენტით ლარი ელისონის, კომპანია "ორაკლის" მფლობელის საკუთრებაშია. ელისონი კაპიტალის სიდიდით ამერიკაში მესამე ადგილზეა და მსოფლიოში კი – მეექვსეზე. მისი კაპიტალი 36,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და რა გასაკვირია, რომ 500-600 მილიონი დოლარი კუნძულის შესყიდვაზე დაეხარჯა. ეს ხომ მისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის მზესუმზირაზე დახარჯული 50 თეთრი. სხვათა შორის ელისონის კუნძული – ლანაი ფართობით მეექვსეა ჰავაის კუნძულებს შორის.
"ნეკერი" – რიჩარდ ბრენსონი
კუნძული ნეკერი, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების შემადგენლობაში შედის, რიჩარდ ბრენსონმა ჯერ კიდევ 1978 წელს იყიდა, "ვირჯინ გრუპის" ხელმძღვანელობის დროს. იმ პერიოდში კუნძული 180 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირდა. ახლა კი მისი ფასი 100 მილიონ დოლარს აღემატება. ამჟამად კუნძულზე გაშენებულია რამდენიმე მცირე ზომის ბუნგალო და იქ მუდმივად ცხოვრობს 60-მდე ადამიანი, ძირითადად, მომსახურე პერსონალი. მსურველებს შეუძლიათ, იქირაონ ბუნგალო ერთი კვირით 35 ათას დოლარად ან იქირაონ მთლიანი კუნძული დღე-ღამეში 50 ათას დოლარად.
"ჯეიმსი"– კრეიგ მაკკოუ
ამერიკელმა სატელეკომუნიკაციო მაგნატმა, კრეიგ მაკკოუმ კანადის ნაპირებთან მდებარე კუნძული ჯეიმსი 1994 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. კუნძულის დღევანდელი ღირებულება 75 მილიონი დოლარია, ხოლო მაკკოუს ხელშეწყობით თავად კუნძული ველური და დაუსახლებელი მიწის ნაგლეჯიდან ნამდვილ ოაზისად იქცა. ჯეიმსზე მდებარეობს სასტუმრო, კოტეჯები, გოლფის მოედანი, აუზი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მცირე ზომის თვითმფრინავისთვის და კერძო დოკი. სხვათა შორის, კრეიგ მაკკოუ კუნძულის გაყიდვას ცდილობს და თუკი კანადასთან ახლოს გსურთ დასახლება, ბრწყინვალე შემოთავაზებაა თქვენთვის.
"რობინსი" – ლიუის მურ ბეიკონი
ლიუის მურ ბეიკონს ნიუ-იორკთან ახლოს მდებარე კუნძული რობინსი 1993 წელს შეხვდა ხანგრძლივი სასამართლო სხდომების დასრულების შემდეგ. უოლსტრიტელ ფინანსისტ ბეიკონს კუნძულის ყიდვა 11 მილიონი დოლარი დაუჯდა და მას შემდეგ მან რამდენიმე მილიონი დაახარჯა კუნძულს, რათა აღედგინა რობინსის ლანდშაფტი და პირველყოფილი სილამაზე. გარემოს დაცვის კუთხით ბეიკონმა დიდი სამუშაო გასწია და ამბობენ, რომ ის პრემიასაც კი იმსახურებს "მწვანეებისგან," არადა კუნძულის მიყიდვას ნიუ-იორკის ხელისუფალნი ბეიკონისთვის არ აპირებდნენ, რომ არა სასამართლო.