ბოლო ხანს ხშირად გვესმის საუბარი, რომ ლანჩხუთის "გურია" ბრენდია და მას სხვა ყურადღება სჭირდება. გასაგებია, ეს რომ ასეა, მაგრამ გაუგებარი სულ სხვა რამაა _ თუ "გურია" ბრენდია, ამ მონაპოვარს მოვლა და ხელშეწყობა სჭირდება და პრესტიჟის შესანარჩუნებლად, სწორი ნაბიჯების გადადგმა რატომღაც გვიჭირს და ამის დასტური ის სკანდალებია, რაც ეს ბოლო წლებია, ლამის, წესად გვექცა.
"გურია" ექვსმა გამოცდილმა ფეხბურთელმა რომ დატოვა, ეს ცნობილი ამბავია. უბრალოდ, უცნობია ის ნამდვილი მოტივი, რამაც აიძულა კლუბი ეს ნაბიჯი გადაედგა. სამწუხაროდ, ამ ამბავს ცუდი გაგრძელება მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, რამდენიმე გაშვებული ფეხბურთელი, მწვრთნელ კახა გოგიჩაიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ფაქტს ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ სიტყვიერ შელაპარაკებამდე რომ მაინც მისულიყო საქმე, ესეც დიდი უბედურებაა.
თითქოს, ბუნებრივი პროცესია, შეკრებაზე მყოფი გუნდები ფეხბურთელებს არჩევენ, ზოგს დაიტოვებენ,ზოგს _ არა. ჰოდა, ეს გაშვებული ფეხბურთელებიც ბედს ეგუებიან და სხვა ვარიანტებს ეძებენ. ეს ნორმალურიცაა, მაგრამ "გურიაში", რატომღაც, ეს პროცესი სულ სხვაგვარად ვითარდება. ეს რომ ასეა, ორი წლის წინანდელი ფაქტიც მოწმობს. მაშინაც ექვსი ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან ხმაურით და მაშინაც ცნობილი სახეები _ სევასტი თოდუა, ზურაბ მენთეშაშვილი, ედიკ საჯაია, რევაზ გოცირიძე, ალეკო ინწკირველი და ზაალ ელიავა. მიზეზი ამ გაუგებრობისა, ფინანსური შეუთანხმებლობა იყო. ორივე მხარე 2 ათას ლარიან ხელფასზე შეთანხმდა, ოღონდ კლუბმა დარიცხული იგულისხმა, ფეხბურთელებმა კი ხელზე ასაღები. ჰოდა, ამ 400 ლარის სხვაობამ სკანდალი და დავიდარაბა გამოიწვია.
ამჯერზე, ახალი ექვსეულის ათვალწუნება, ხელფასს ნაღდად არ უკავშირდება. ფეხბურთელები კლუბთან წინასწარ შეთანხმდენ გარკვეულ თანხაზე, კონტრაქტიც გააფორმეს და მშვიდად შეუდგნენ ახალი სეზონის სამზადისს.
სწორედ, ამის შემდეგ მოხდა ის, რაზეც არავინ საუბრობს. ფაქტია, რომ კლუბმა მოულოდნელად გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო და ეს ექვსეული _ ალეკო კოშკაძე, კობა შალამბერიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, სერგო ორბელაძე, შოთა გაბრიჩიძე და დათო ციცხვაია არასასურველ ფეხბურთელებად მონათლეს და "ბარგის ჩალაგება" ურჩიეს.
ამ გაუგებრობის სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მათ შორის, ერთი ასეთიც _ თითქოს, გოგიჩაიშვილმა ვარჯიშებზე ამ ვეტერანების საქმისადმი მიდგომაში რაღაც ეჭვი მიიტანა და შემდგომში საქმის გართულებების თავის ასაცილებლად, კლუბის ხელმძღვანელობას ურჩია ეს ექვსეული გაეშვა.
ვერ გეტყვით, ეს რამდენად სარწმუნოა, მაგრამ თავად გაშვების ფაქტი, მტკივნეულად და, ცოტა არ იყოს, არასპორტულად გვეჩვენება. მაშინ რა საჭირო იყო წინასწარი კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც ფედერაციაში წარდგენილიც კი არ იყო?
მოკლედ, ასეა თუ ისე, "გურიას" რეპუტაცია იმდენად სერიოზულად ილახება, ვინძლო, არავინ დარჩეს მისი ხელმძღვანელობის სიტყვის დამჯერებელი. რატომღაც, ბოლო ორი წელია, სულ ასეთ გაუგებრობებში ვეხვევით და ხელი სულ სხვისკენ გვაქვს გაშვერილი. ხან ფედერაციას ვლანძღავთ და ვაგინებთ, ხანაც ფეხბურთელებს ვექცევით უხამსოდ და იქით ვადანაშაულებთ. ხანაც მწვრთნელებთან კონტრაქტს ცალმხრივად ვწყვეტთ და მერე ისიც გვიკვირს, რატომ გვიჩივლეს და არბიტრაჟმა რატომ მოგვისაჯა თანხის გადახდა.
ლიცენზირების თემა არ დაგვავიწყდეს. პატარა ბავშვივით ვიძახით ლიცენზირებას არ გავივლით, ჯარიმასაც არ გადავიხდით და გაგვივაო. პატრონი გყავს? ისე მივუცუნცულეთ ფედერაციაში საჯარიმო 50 ათასი ლარი, საკრებულოც კი საბიუჯეტო ცვლილების სწრაფად მოკვარახჭინებით ავაფორიაქეთ.
შიდა კონფლიქტებიც ხომ ბლომად გვაქვს. აგერ, მხარის პროკურატურაც კი შევაწუხეთ, კლუბის ძველი ხელმძღვანელის, კობა მირზაშვილის წარმოდგენილი საბუთების სისწორე რომ გაგვირკვიოს. საუბარია 60 ათას ლარზე და ამის გარდა, სადავო თანხა ორი ამდენია კიდევ.
მოკლედ, სკანდალებს შეჩვეული ლანჩხუთის "გურია" ახალ სეზონს ეგებება, მაგრამ თანდათან იმიჯშელახულ კლუბს წინ რა სირთულეები ელის, ამაზე მის თავკაცობას დაფიქრება მართებს.