გასულ უქმეებზე, რუსეთის ქალაქ სანკტპეტერბურგში, მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი. კახა ცხადაძის შეგირდები რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზურის მოპოვებას უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის გუნდებთან ჭიდილში შეეცდებიან.
კენჭისაყრის შედეგებით, წესით, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ნებისმიერ პატივმოყვარე გუნდს ძალუძს ასეთ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში და აშკარა გამოკვეთილი გრანდის არყოფნა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს ერთიორად ზრდის. თუმცა, პატივმოყვარეობა და ქართული ფეხბურთი უკვე კარგა ხანია, უბრად არიან და გამოუსწორებელი ოპტიმისტები თუ ვიქნებით, რაიმე წარმატებაზე რომ ვიფიქროთ.
ასეა თუ ისე, ბრძოლა მაინც შეიძლება, მით უმეტეს, რომ ჯგუფის პირველ ნომრად მიჩნეულია ის ნაკრები, რომელსაც, სადაც შევხვდით, იქ მოვუგეთ. საუბარია უელსზე, რომელსაც სამჯერ ვეთამაშეთ და სამივეჯერ გამარჯვება მოვიპოვეთ. ჯერ იყო 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი, სადაც ბრიტანელები ჯერ თბილისში გავანადგურეთ _ 5:0, ხოლო კარდიფში გიორგი ქინქლაძის დაუვიწყარი გოლით ვაჯობეთ. ერთხელაც, ამხანაგურად 2008 წელს გავეჯიბრეთ და მაშინ ჰექტორ რაულ კუპერის ნაკრებმა სუონსში 2:1 იმარჯვა.
დღევანდელი უელსი სულ სხვა გუნდია და ამის დასტური ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ციკლია, სადაც გარეთ ბეილიმ და კომპანიამ, ფაქტობრივად, უკვე მოიპოვეს საფრანგეთის ევრო 2016 -ის საგზური.
ამავე შესარჩევ ციკლში ქართველთა მეტოქეა კიდევ ერთი ბრიტანული გუნდი _ ირლანდია, რომელთანაც საოცრად ცუდი სტატისტიკური მონაცემები გაგვაჩნია _ ექვსიდან ექვსივე მარცხი. ბოლოს გასული წლის 7 სექტემბერს დავმარცხდით თბილისში 1:2, როცა ოქრიაშვილის გამთანაბრებელ საოცარ გოლს, ბოლო წუთზე მაკ გიდის მეორე ზუსტი მომგებიანი დარტყმა მოჰყვა. ჯგუფის მესამე ძველ ნაცნობ მოლდოვასთან თანაბარი ბალანსი გვაქვს _ 8 შეხვედრიდან 4 მოგება და ამდენივე მარცხი. ყველაზე ცუდი მოგონება კი 1996 წლის შესარჩევ ციკლში პირველი ოფიციალური მატჩის მოლდოველებთან წაგებას ახლავს. მაშინ "დინამოზე" ოპრიას ეული გოლით დავმარცხდით მოულოდნელად.
მომავალი შესარჩევი ციკლის კიდევ ორ გუნდთან აქამდე შეხება არ გვქონია. ავსტრია, ამ ბოლო ხანს, პროგრესს განიცდის და უელსის დარად საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატზე მასაც უნდა ველოდოთ. რაც შეეხება სერბეთს, ეს ნაკრები შემსრულებლების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, თუმცა, ბოლო წლებია, კრიზისს თავი ვერა და ვერ დააღწია.
აღსანიშნავია სერბული ფეხბურთის ახალგაზრდა თაობის ბოლო წლების პროგრესი. ორი წლის წინ, სერბები, 19-წლიანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები იყვნენ, ახლახან კი 20-წლამდე მუნდიალის პირველობა არავის დაუთმეს.
შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას ქართველები 2016 წლის 5 სექტემბერს გამართავენ შინ, უმასპინძლებენ რა ავსტრიის ნაკრებს 20 საათზე თბილისის დროით. ხოლო ბოლო მატჩს ისინი ბელგრადში გამართავენ 2017 წლის 9 ოქტომბერს, 22.45 საათზე სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ.