ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში ავტომაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია _ როგორც თვითმხილველები “გურია ნიუსს“ შემთხვევის ადგილას ეუბნებიან, პოლიციის გურიის სამხარეო სამმართველოს კუთვნილი “პიკაპი“ გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და მოძრავ ტაქსს დაეჯახა. შემთხვევა, საბედნიეროდ, უმსვერპლოდ დასრულდა, თუმცა მოქალაქე მატერიალურად დაზარალდა, რადგან მისი კუთვნილი ავტომანქანა დალეწილია და მწყობრიდანაა გამოსული.
ტაქსის მძღოლის ახლობლები “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობენ, რომ არაა გამორიცხული პოლიციის პიკაპის მძღოლი ნასვამი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლებს თრობაზე ტესტი ადგილზე ჩაუტარდათ, ისინი შემოწმებისთვის პოლიციელის ბათუმში გადაყვანას მოითხოვენ, რადგან ადგილზე ჩატარებული შემოწმების შედეგების არ სჯერათ.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს სულ ახლადანიშნული უფროსი კობა ცერცვაძეც იმყოფება. მან ჩვენთან კომენტარში თქვა, რომ არც ერთი მძღოლი ნასვამი არაა; თუ ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იქვე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღების და ნახვის მერე დადგინდება. მისი თქმით, გამოძიება კანონიერად, ობიექტურად და მიუკერძოებლად წარიმართება.
ამ წუთებში დამტვრეული მანქანები შემთხვევის ადგილიდან გადაჰყავთ. ვრცელ მასალას და ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან “გურია ნიუსი“ მოგვიანებით მოგაწვდით.