ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უკვე ლანჩხუთის არაერთ სოფელში დაფიქსირდა თხილის ქურდობის ფაქტი. როგორც ამბობენ, მოსახლეობის უმეტესობას თხილის ფართობები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით გააჩნიათ, რაც, გარკვეულწილად ხელს აძლევს ქურდებს.
"ბევრს თხილის ფართობი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში აქვს. დღე და ღამე იქ ხომ ვერ იქნებიან. ქურდიც ეტყობა, ჩასაფრებულია და როგორც ხელსაყრელ მომენტს ნახავს, თავის საქმეს აკეთებს. გლეხობა თხილის მოსავლის შემყურეა წლიდან წლამდე. ბავშვებს ამით უშვებენ სკოლაში და ოჯახისთვისაც ღირებულს თხილის ჩაბარებიდან აღებული ფულით ყიდულობენ. კაცს გული როგორ არ გაგისკდება, ვიღაც ოხერი პირიდან ლუკმას რომ გამოგაცლის. ფაქტია, სამართალდამცავების უმოქმედობის ბრალია ყველაფერი", _ ამბობს მოსახლეობა.
სამართალდამცავ სტრუქტურებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს საკრებულოს წევრი კახა ასკურავა:
"მაქვს ინფორმაცია, რომ სოფელ ჩოლობარგში მცხოვრები გური ბირბიჩაძის ნაკვეთიდან მოიპარეს თხილის მოსავალი. თხილის ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა სოფელ მამათშიც. მინდა, პოლიციამ ყურად იღოს ხალხის გასაჭირი და საქმეს დროულად მიხედოს. ცოდოა ადამიანები, ბავშვები ჰყავთ სკოლაში გასასტუმრებელი და ზამთრის სარჩო აქვთ შესაძენი. გლეხს თხილის იმედი აქვს", _ ამბობს ასკურავა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე კი მოსახლეობას ურჩევს, ქურდობის დაფიქსირების შემთხვევაში, პოლიციას მიმართოს:
"უცნაურია, მაგრამ ადამიანები სამართალდამცავ სტრუქტურებს არ მიმართავენ ქურდობის ფაქტის გამოვლენისას. აი, მაგალითად, მითხრეს, გულიანში საქონელი იკარგებაო და როგორც გავარკვიე, ლანჩხუთის პოლიციაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ერთი მიმართვაც არ არსებობს", _ თქვა ურუშაძემ.