FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა. "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პრემიერმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ შენიშვნებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ის კმაყოფილია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კანონპროექტის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა.
მიმდინარე წლის 17 ივლისს მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვანი დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბევრმა ადგილობრივმა თუ წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ ინიცირებული კანონპროექტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა.
პარლამენტში გამართული მოსმენების შედეგად, “ეროვნული ბანკის შესახებ” ინიცირებულ კანონპროექტში, რომელიც ეროვნული ბანკისგან ფინანსური ზედამხედველობის ინსტიტუტის გამოყოფას გულისხმობს, სულ 65 ცვლილება შევიდა. არც პარლამენტის ვებგვერდზე არსებული დოკუმენტაციით და არც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კანონპროექტში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა არ დასტურდება. ასევე, არ დასტურდება მათი რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის რეკომენდაციის გაზიარების ფაქტი. ფაქტ-მეტრი არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარკვეული კომუნიკაციის არსებობას და მათ მიერ გამოთქმული რამდენიმე ტექნიკური შინაარსის მქონე რჩევის გაზიარების ფაქტს. თუმცა, კანონპროექტში შინაარსობრივი ცვლილებები არ შესულა, შესაბამისად, ამ კომუნიკაციის შედეგი წერილობითი ფორმით არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ასახულა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მცდარია.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებაც გადაამოწმა, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ეხებოდა. კალაძის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება ძირითადად ლარის დევალვაციითაა გამოწვეული.
ლარის გაუფასურება პირდაპირპროპორციულად აისახება იმპორტირებული და თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულებაზე, რომლის წილი საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში 26%-ია. შედეგად, სემეკმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება “ენერგოპროს” მომხმარებლებისთვის ტარიფის (პირველი აგვისტოდან) 3.35 თეთრით გაზრდის შესახებ. სავარაუდოდ, ტარიფი “თელასის” მომხმარებლებსაც გაეზრდებათ.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებშიც და თბილისშიც 3.54 თეთრით შემცირდა. ტარიფის შემცირება ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების და საინვესტიციო ვალდებულებების კლების ხარჯზე მოხდა, რამაც მთლიანობაში ენერგოსექტორის განვითარება დააზარალა. კომპანიებს ნაკლები რესურსი დარჩათ ინფრასტუქტურის შენახვისთვის და ენერგო სიმძლავრეების განვითარებისთვის. 2014 წლიდან ენერგეტიკის სექტორში მოზიდულმა პირდაპირმა უცხოური ინვესტიციებმა შემცირება დაიწყო. 2015 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის პირველი კვარტლთან შედარებით ინვესტიციები 63%-ით შემცირდა. 2013 წელს ტარიფი რომ არ შემცირებულიყო, ახლა ტარიფის ზრდის აუცილებლობა არ იქნებოდა, ხოლო საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვნად იქნებოდა გაზრდილი.
ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკურმა პოლიტიკამაც განაპირობა. კურსის გაუფასურება კი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გარდაუვალი მიზეზი გახდა.
ის, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს, სიმართლეა. მაგრამ, თუ სიტუაციას 2013 წლიდან განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ როგორც ლარის კურსის გაუფასურების, ისე ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების შემცირების ძირითადი მიზეზი მთვრობის მიერ დაშვებული შეცდომებია.
შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების მხოლოდ ლარის კურსის გაუფასურებით ახსნა, არის ნახევრად სიმართლე.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხებოდა. ჯაფარიძის თქმით, წელს ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი გაუარესებულია.
ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები მოიცავს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს, საგარეო ვაჭრობას, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ვალუტის კურსს, ინფლაციის ტემპს, უმუშევრობას და სახელმწიფო ვალს.
2014-2015 წლებში ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების გაუარესება გვაქვს. შემცირებულია ეკონომიკური ზრდის ტემპი, ექსპორტი და იმპორტი. 2015 წლის I კვარტალში ასევე შემცირებაა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში.
2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ლარი დოლართან მიმართებაში 27%-ით გაუფასურდა. გაზრდილია ინფლაციის ტემპი, რომელმაც 2015 წლის ივნისის ბოლოს წინა წლის ივნისთან შედარებით 4.5% შეადგინა.
2015 წლის ივნისში 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო ვალის ნომინალური მნიშვნელობა 19.1%-ით გაიზარდა და 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ვალი გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებითაც. 2014 წელს ის 35%-დან 36%-მდე გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ივნისისთვის მშპ-თან ვალის ფარდობამ 41% შეადგინა.
ერთადერთი ინდიკატორი, რომელიც ოფიციალური სტატისტიკით გაუმჯობესდა, უმუშევრობაა და 2014 წელს მან 14.6%-დან 12.4%-მდე დაიკლო.
მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, დავით ჭავჭანიძის განცხადებაც გადაამოწმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში მთავრობის ვალი გაუარესდა.
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის შესაბამისად, 2015 წლისთვის მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 43.7%-ს შეადგენს. რაც შეეხება 2013 და 2015 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების დამტკიცებისას წარდგენილ იგივე მონაცემს, ის დეპუტატის მიერ დასახელებულ რიცხვებთან თანხვედრაშია და შესაბამისად – 29.2 და 37.2%-ს შეადგენს.
თუმცა, აღსანიშნავია 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად წარდგენილი მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების გავლენა აღნიშნულ მაჩვენებელზე. კერძოდ, მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში გაცვლითი კურსის შოკის შემთხვევაში 40.9%-ის, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემთხვევაში 38.1%-ის და არა 37.2%-ის დონეზეა შეფასებული.
შესაბამისად, დავით ჭავჭანიძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.
FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.