სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ბაკურ კვეზერელი შარშან, მთელი წლის განმავლობაში, მონდომებით ცდილობდა ქართველი გლეხები ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის უპირატესობაში დაერწმუნებინა. სახელმწიფო ტელევიზიები ასეთივე მონდომებით აპიარებდნენ სამინისტროს პროგრამას და ბევრი გლეხის გაცურებაც შეძლეს. სწორედ ამ დაზარალებული გლეხების უფლებების დამცველად მოგვევლინა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია “სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირიЙЙ, რომელსაც ელიზავეტა ფიოდოროვა ხელმძღვანელობს.
ფიოდოროვა თვითონაც დაზარალებულია _ სესხის გამო, უძრავი ქონება ბანკში აქვს დაყადაღებული, ხოლო მოწეული სიმინდი, მყიდველის მოლოდინში, აბაშის საცავში უფუჭდება.
სახელმწიფო ჰპირდებოდა გლეხებს, რომ წარმატებით აღებული მოსავლის გასაღებაში დაეხმარებოდა და ქვეყანაში შემოიყვანდა ინვესტორს, რომელიც სიმინდს შეისყიდიდა, მაგრამ ეს დაპირება, მსგავსად სხვა დაპირებებისა, არ შესრულებულა.
14 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში უნდა ჩატარებულიყო ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება, მაგრამ არც არასამთავრობოს წარმომადგენლები და არც ფერმერები დაცვამ შენობაში არ შეუშვა. ფიოდოროვა იძულებული გახდა, გამგეობის წინ მდებარე სკვერში, ღია ცის ქვეშ შეხვედროდა დაზარალებულ მოსახლეობას.
ფერმერები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან იყვნენ ჩამოსული. ლანჩხუთელებთან ერთად აქ იმყოფებოდნენ ზუგდიდელი, სენაკელი, ხობელი, სამტრედიელი, ვანელი, ოზურგეთელი ფერმერები და მიწის მფლობელები. ყოველ მათგანს თან ჰქონდა მოტანილი გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. ისინი სახელმწიფოს მიერ მოტყუებულად მიიჩნევენ თავს და ბანკის ვალების ჩამოწერას მოითხოვენ. ზუგდიდელმა ფერმერმა გვაჩვენა განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს დაუგზავნა, მაგრამ ერთი და იგივე პასუხი მიიღო _ არც ერთი სახელმწიფო სამსახური არ აღმოჩნდა უფლებამოსილი, განცხადებაზე სათანადო რეაგირება მოეხდინა: “ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაშიЙЙ, ჴ ასეთია მათი დამოკიდებულება.
ფიოდოროვამ შესთავაზა დაზარალებულებს ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ხოლო მეორე ეტაპზე ჴ საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. ერთად შეიმუშავეს კრების ოქმი, რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი.
“პირველი ნაბიჯი ჩვენი უფლებების დაცვის საქმეში გადადგმულია. ახლა მთავარია, ჩვენი ხმა პრეზიდენტს მივაწვდინოთ”, _ მიმართა მან შეკრებილ საზოგადოებას. შემდეგ დამსწრეებს გააცნო პრეზიდენტის სახელზე გასაგზავნი წერილის შინაარსი. ფიოდოროვა უკან დახევას არ აპირებს და ყველას ჰპირდება, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.
_ ჩვენ სახელმწიფო პროგრამით დაზარალებული ადამიანები ვართ და სახელმწიფოსგანვე ვითხოვთ თანადგომას. რომელიღაც ჩინოვნიკის ბრძანებით კი დარბაზში შეშვებაზეც უარი გვითხრეს. ისე გვექცევიან, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, _ ამბობდნენ ფერმერები.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ “პირველი არხის”, “იმედის”, “რუსთავი 2”-ის, აჭარისა და ზუგდიდის ტელევიზიების ჟურნალისტები, მაგრამ არც ერთი ეს ტელევიზია ამ მოვლენის გასაშუქებლად არ შეწუხებულა.