დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ლანჩხუთელი ბიჭები – რუსლან წულაძე, ემზარ წილოსანი და ვასილ სმირნოვი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. დილიდან მათი სულების მოსახსენებელი პარაკლისი აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მამა გიორგი ცქიტიშვილმა გადაიხადა.
შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა, ამავე სამსახურის განყოფილების უფროსმა პაატა ურუშაძემ და სხვა თანამშრომლებმა, აგვისტოს ომში დაღუპული სამივე ჯარისკაცის საფლავები თაიგულებით შეამკეს, ხოლო მათ ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 – 300 ლარი საჩუქრად გადასცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლანჩხუთის საკრებულოს არცერთი დეპუტატი გმირების საფლავებზე არ იმყოფებოდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს და გვირგვინით შეამკეს 2004 წელს ცხინვალში დაღუპული კიდევ ერთი საქართველოს გმირის გიორგი ლომაძის საფლავი.