ხილის მოსავლის აღება ისე უნდა მოხდეს, რომ თავიდან ავიცილოთ ნაყოფის ხარისხის გაუარესება და მისი რაოდენობის შემცირება. ბევრი ჩვენგანი ხშირად ფიქრობს, თითქოს, ხილის მოკრეფას ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ ეს ასე არ არის.
ზაფხულში _ ივლისსა და აგვისტოში მრავალი სახეობის ხილი იკრიფება. კრეფის დაწყებამდე უნდა მოვიმარაგოთ და მოვამზადოთ კრეფისთვის საჭირო ინვენტარი, ტარა და ხილის შესანახი შენობა.
აუცილებელია, ვიქონიოთ კიბე, ხეზე ასვლა დაუშვებელია, რადგან მკრეფავმა შეიძლება დააზიანოს ან დაამტვრიოს სანაყოფე ტოტები. ხილს აქვს ორგვარი სიმწიფე: საკრეფი და მოხმარებითი. საკრეფი სიმწიფე მაშინ დგება, როცა ნაყოფის ზრდა დასრულებულია, ყუნწის ტოტთან მიმაგრების ადგილზე ჩნდება ქსოვილის თხელი შრე, რომლის მეოხებითაც ნაყოფი გამოავლენს მისთვის დამახასიათებელ ჯიშურ თვისებებს: შეფერვას, გემოს, არომატს.
გარემო პირობების შესაბამისად, კრეფის ვადები ყოველწლიურად იცვლება. კრეფა უნდა დავიწყოთ ქვედა ტოტებიდან, აუცილებლად მშრალ ამინდში.
ხილი ყუნწით უნდა მოიკრიფოს. კრეფის დროს არ უნდა დავაზიანოთ კანი, რადგან მასზე მაშინვე იწყებს დასახლებას მიკროორგანიზმები.
კრეფისას უნდა გავუფრთხილდეთ სანაყოფე წარმონაქმნებს. ვაშლის, მსხლის, ატმის და გარგარის კრეფისას ნაყოფი თავსდება ხელისგულზე, თითები შემოევლება ირგვლივ და ნაყოფი შემოტრიალდება.
ქლიავი იკრიფება ორი თითის ყუნწზე წავლებით.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვახდინოთ ბლისა და ალუბლის მოკრეფა ორი ან სამი თითის ყუნწში წავლებით და შემობრუნებით. უყუნწოდ მოკრეფა ხელს უწყობს ნაყოფის სწრაფად ლპობას.