ნასამ მზის სისტემის პლანეტებზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად გადაიღო ქარიშხალი სატურნზე. ფერად სურათებზე ეს ბუნებრივი მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც წითელი ვარდი ბალახზე . სინამდვილეში კი წითელი ქარბორბალა ღრუბელია, რომელიც სატურნის ნიადაგის ზედაპირთან ძალზე ახლოს მოძრაობს, ხოლო მწვანე ღრუბლები კი უფრო ზემოთ.
ულამაზესი სურათები ამერიკულმა საპლანეტათაშორისო ორბიტულმა სადგურმა – Casini-მ სპეციალური ფილტრების დახმარებით თებერვალში გადაიღო და მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა.
ქარიშხალი სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე აბობოქრდა. სწავლულებმა შეისწავლეს კადრები და გამოიტანეს დასკვნა, რომ შტორმის გავრცელების დიამეტრი 2 011 კილომეტრია, რაც "დედამიწის ზომებზე გადმოტანით" ავსტრალიის ნახევარია. სატურნზე ქარიშხლის მასშტაბები 20-ჯერ დიდია დედამიწაზე ნებისმიერი ქარიშხლის დაზიანების ფართობთან შედარებით. ქარიშხალში ჰაერის ნაკადის სიჩქარე წამში 150 მეტრს აღწევს – ამას გარდა, დედამიწის შტორმებისგან განსხვავებით, პლანეტაზე რომ გადაადგილდებიან, სატურნზე უმოძრაოა და ჩრდილოეთ პოლუსზე რჩება.
განსხვავებების მიუხედავად, სატურნის ქარიშხალი დედამიწისას ძალიან ჰგავს: კერძოდ, მასაც აქვს "თვალი" – ქარბორბალას ცენტრი, რომელშიც არ არის ღრუბელი. "ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით, როცა კადრები შევისწავლეთ, რადგან შტორმი ისე გამოიყურება, თითქოს ეს ყველაფერი დედამიწაზე ხდებოდეს" – თქვა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა ენდრიუ ინგერსოლმა, თანაც დაამატა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ სატურნზე ყველაფერი გაცილებით დიდი ზომებისაა, წყლის რაოდენობა იქ ნაკლებია".
ნასას წარმომადგენლების თქმით, ქარიშხალი სატურნზე უკანასკნელი რამდენიმე წელია, გააქტიურდა. მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო ხარისხიანი გადაღება მხოლოდ ახლა განხორციელდა. ეს იმიტომ, რომ სატურნის ამ ნაწილში დიდი ხნის განმავლობაში ზამთარი იყო და რეგიონს მზის სინათლე აკლდა, რაც არა მარტო დაკვირვებას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ქარიშხალიც შეუმჩნეველი იყო.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენები სატურნზე დაეხმარება მათ, უკეთ გაერკვნენ მსგავს ბუნებრივ მოვლენებში დედამიწაზე.