გაერო-ს გენერალური მდივანი, პან გი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველო-რუსეთს შორის ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემის, ე.წ. "ბორდერიზაციის" გამო. ამის შესახებ, პან გი მუნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"2008 წლის აგვისტოს დამანგრეველი ომიდან შვიდი წელი გავიდა. კონფლიქტის დასაწყისიდანვე გაერო აქტიურად იყო ჩაბმული და ორივე მხარეს მოუწოდებდა რაც შეიძლებოდა მალე დაზავებულიყვნენ, რის შედეგადაც 2008 წლის 12 აგვისტოს, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელი მოაწერეს. გაერო რჩება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთგულად, რომელიც ერთობლივად გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მიერ იმართება და რომლის ფუნქციონირებაც დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ." _გ ანაცხადა დუჟარიკმა.
მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკება არის ერთადერთი პლატფორმა, რომელიც კონფლიქტის ყველა მონაწილის მიერ აღიარებულია და კონფლიქტის გამომწვევი საკითხების ირგვლივ აქტიურად მუშაობს.
როგორც დუჟარიკმა პრესკონფერენციაზე თქვა, გაერო-ს გენერალური მდივანი მონაწილე მხარეებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.
"იგი მიესალმება ორგანიზაცია გაერთიანებული ერების წარმომადგენელს, ელჩს ტურუნენსა და მის გუნდს, მათ მჭიდრო კავშირს ევროკავშირთან და ეუთოს კოლეგებთან,რათა საბოლოოდ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.ამ დღესთან დაკავშირებით, გენერალური მდივანი მოუწოდებს მონაწილეებს,რომ გააორმაგონ საკუთარი ძალისხმევა და პრობლემის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან." _ განაცხადა მან.
მისივე თქმით, პან გი მუნი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის "ბორდერიზაციის" გამო შეშფოთებულია.
"ის ასევე შეშფოთებულია,სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის "ბორდერიზაციის" გამო."_თქვა დუჟარიკმა.
"გაერო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, გააგრძელონ არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის, იმისათვის რომ მოხდეს ყველა იმ საკითხის განხილვა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების, რაც შეშფოთებას იწვევს." _განაცხადეს გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.