სხილათუბანი (სინონიმები: სხილთაუბანი, რცხილათუბანი, ცხილათობანი)
სხილათუბანი გურული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა შემოჭრამდე ფართოდ იყო გავრცელებული მაღლარების სახით შუა და განსაკუთრებით ზემო გურიის მიკრორაიონებში.
იგი სამეურნეო დანიშნულებით საღვინე ჯიშია. მისი ზრდა-განვითარება საშუალოზე ძლიერია, უხვმოსავლიანია _ ერთ რქაზე ხშირად ორ და სამ მტევანს ისხამს. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 80-90 ცენტნერია, ზოგჯერ კი 100 ცენტნერსაც აღემატება.
სოკოვან დაავადებათ მიმართ სუსტად გამძლეა, განსაკუთრებით ნაცარი ვნებს.
მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში.
მტევანი საშუალო სიდიდისაა, ზოგჯერ საშუალოზე მცირე, ცილინდრულ-კონუსური ფორმის (უფრო ცილინდრული), ძლიერ მკვრივი, იშვიათად საშუალო სიმკვრივის. მტევნის საშუალო წონა 126 გრამია, დიდი მტევნის წონა კი _ 256 გრამი.
მარცვალი მუქი-ლურჯი, შავ ფერში გარდამავალი, საშუალო სიმსხოსი, მომრგვალო ან მცირედ ოვალურია, საკმაოდ სქელკანიანია, ნაკლებად ხორციანი და უფრო წვნიანი, სასიამოვნო, ტკბილი და ხალისიანი გემოთი.
წვენის გამოსავლიანობაა 74%, ტკბილის შაქრიანობა _ 19-20%, საერთო მჟავიანობა _ 7-8,5%. ღვინო მაღალხარისხიანია, მუქი წითელი შეფერვის, ძვირფასი გემური თვისებების მქონე, სხეულიანი და ჰარმონიული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. შენახვის უნარიანი და ტრანსპორტაბელურია.
დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ეს ძვირფასი ჯიში თითქმის გადაშენების გზაზეა. მისი ნარგაობა შემორჩენილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხელი მევენახის დომენტი შარაშიძის ნაკვეთზე, სხვაგან კი იშვიათად გვხვდება ერთეული ძირების სახით.
შეიძლება ითქვას, რომ სხილათუბანი გურიის წითელყურძნიან აბორიგენულ ჯიშებს შორის, როგორც მოსავლიანობით, ისე ხარისხის ნიშნით, ერთ-ერთი საუკეთესო საღვინე ჯიშია, გურიაში კი ვაზის ჯიშთა დაახლოებით 70% წითელყურძნიანია.
საერთოდ, არც თუ ხშირია, რომ ვაზის ჯიში იყოს მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი და იმავდროულად უხვმოსავლიანიც. ამ მხრივ სხილათუბანი მართლაც გამორჩეულია და ამდენად იგი მეტ ყურადღებასა და ფართოდ გავრცელებას იმსახურებს.
თქვლაფა
თქვლაფა გურიის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ადრე გავრცელებული იყო შუა და ზემო გურიის სოფლებში.
სამეურნეო დანიშნულებით საღვინე ჯიშია. ხასიათდება ძლიერი ზრდა-განვითარებით და უხვმოსავლიანობით. სოკოვანი დაავადებანი და ფილოქსერა დიდად ვნებს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდი ოქტომბრის ბოლო რიცხვებია.მტევანი შედარებით მცირე ზომისაა, თხელი, ზოგჯერ საშუალო სიმკვრივის. ფორმით ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური. კლერტი _ მწვანე (ბალახისმაგვარი). მტევნის საშუალო წონაა 95 გრამია. მარცვალი ღია-მწვანე, საშუალო სიდიდის, ოვალური, შუა წელში უფრო განიერი, ბოლოები სიმეტრიული. თხელკანიანი, მეტად წვნიანი და ნაკლებ ხორციანი.
წვენის გამოსავლიანობა მაღალია _ 85 %, ხოლო შაქრიანობა დაბალი (17,2%), საერთო მჟავიანობა 8,9%. ღვინო შედარებით დაბალხარისხიანი და მცირეალკოჰოლიანი, ამიტომ არ ინახება და ტრანსპორტირებასაც ვერ იტანს.
ვაზზე დატოვებული ყურძენი ადრე ლპება, არც დაკრეფილი ინახება. აღნიშნული უარყოფითი თვისებების გამო, თქვლაფას გავრცელება რეკომენდირებულია საკოლექციო ნაკვეთებში. როგორც უხვმოსავლიანი ჯიში, შეიძლება გამოყენებული იქნას ადგილობრივი მნიშვნელობის საოჯახო სასმელი ღვინოების დასამზადებლადაც.