საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველა ის რეფორმა, რაც ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს უწყვეტად გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუმსიშვილმა მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.
"ყველასთვის ცნობილია რომ ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობისთვის უმნიშვნელოვანესია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა. ამიტომ ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა ის პროექტი, რომელიც წამოწყებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიერ იყოს წარმატებული, გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს. კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის და მომსახურებაზე ორიენტირებული პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმადა ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების გატარება, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია და სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა – სწორედ ეს არის ის პრიორიტეტები, რომელზეც მუშაობს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ- მინისტრის და ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ეს რეფორმა თუ პროექტი უწყვეტად გაგრძელდება“, _ აღნიშნა ქუმსშვილმა.