სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა.
ინფორმაციისთვის, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
სოხუმის ბრძოლა აფხაზეთის ომის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა იყო, რომელსაც შედეგად საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება და აფხაზეთიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოყვა.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში რუსეთის გარანტიებით ორ მხარეს შორის 27 ივლისს დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა, როდესაც სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).
საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.