“გურია ნიუსის” ინფორმაციით, 27 აპრილს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, სახალხო არტისტის გაბრიელ მდინარაძის, დამსახურებული არტისტის ამირან ქადეიშვილის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავების გახსნა იგეგმება.
თეატრის მმართველის ზაზა ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ დღეს მაყურებელი სპექტაკლს _ “გამარჯობა, ხალხო”, ნახავს, რომლის რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძეა და რომელშიც ილარიონის და ილიკოს როლებს ამირან ქადეიშვილი და გაბრიელ მდინარაძე ასრულებენ.
_ ამ დამსახურებული ადამიანების ვარსკვლავის გახსნა კულტურის სამინისტროს განკარგულებით ხდება და ძალიან სასიხარულო ფაქტია გურულებისთვის, ოზურგეთელებისთვის. ეს იქნება ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე ჩვენს ისტორიაში, _ გვითხრა ზაზა ჯინჭარაძემ.