ბუნ პიკენსი
წარსულში ბუნ პიკენსი გაზეთებს ყიდდა ქუჩაში, ახლა კი სანავთობო იმპერიის და 1,4-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელია. თუმცა, გეითსის მსგავსად, მასაც გადაწყვეტილი აქვს, შვილები მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს და სიკვდილამდე მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას მოახმაროს. ბუნ პიკენსს რამდენჯერმე ჰკითხეს, თუ რას უპირებს ის თავის ქონებას და მისი პასუხი ცალსახაა: "მე არ ვარ სიმდიდრის მემკვიდრეობით გადაცემის მომხრე. ასეთ მემკვიდრეობას მხოლოდ ბოროტება მოაქვს".
უორენ ბაფეტი
ზღაპრულად მდიდარმა "ომაჰელმა ორაკულმა", ფილანტროპმა უორენ ბაფეტმა უკვე დაწერა ანდერძი. მისი დიდძალი ქონების 99 პროცენტი ქველმოქმედებას მოხმარდება, ხოლო შვილებს, მხოლოდ 1 პროცენტით დაკმაყოფილება მოუწევთ. "სულაც არ ვდარდობ იმაზე, რომ ჩემს შვილებს მილიარდების გარეშე ვტოვებ. მე მათ იმდენს ვუტოვებ, რამდენიც საკმარისია, რომ სწორი გზა აირჩიონ და იმუშაონ და არა იმდენს, რომ გზას აცდნენ და საერთოდ არ იმუშაონ".
უილიამ ბარონ ჰილტონი
ჰილტონს, როგორც ასეთი ცნობილი გვარის წარმომადგენელს ეკადრება, "ჰილტონ ჰოტელ კორპორაცია" აბარია, რომელიც მას მამისგან, კონრად ჰილტონისგან ხვდა წილად. თავის დროზე კონრად ჰილტონმა თავისი ქონების 97 პროცენტი ქველმოქმედებისთვის დაუტოვა ანდერძით, თუმცა უილიამმა სასამართლოში გააპროტესტა მამის ანდერძი და მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბრუნება მოახერხა. ამჟამად, უილიამის შთამომავალი, პერის ჰილტონი იგივე მდგომარეობაშია. ბაბუამისმა მისთვის ქონების მხოლოდ 3 პროცენტის დატოვება გადაწყვიტა და ეს თანხაც მან ჰილტონის დანარჩენ 5 შვილიშვილთან ერთად უნდა გაიყოს.
ჯინ სიმონსი
ლეგენდარული ჯგუფ "ქისის" სოლისტმა ჯინ სიმონსმა, მძიმე ცხოვრებისეული გზა განვლო, სანამ დიდძალი კაპიტალის მფლობელი გახდებოდა. ის ისრაელში დაიბადა, შემდგომ ნიუ-იორკში გადასახლდა. იქ დააარსა ჯგუფი, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამჟამად სიმონსი დარწმუნებულია, რომ მისმა შვილებმა – ნიკიმა და სოფიამაც იგივე გზა უნდა განვლონ, რაც თვითონ გაიარა. ამიტომ ის სამასი მილიონი დოლარი, რომელიც ჯინ სიმონსს აქვს, სავარაუდოდ, ქველმოქმედებას მოხმარდება. "მათ უნდა ისწავლონ დილით ადრე გაღვიძება და სამსახურში წასვლა," – განუცხადა ჟურნალისტებს ჯინ სიმონსმა, როდესაც კითხვა მემკვიდრეების შესახებ დაუსვეს.
ტედ ტერნერი
"სიენენის" "მამამ", მილიარდერმა ტედ ტერნერმა სახელი ფილანტროპობით გაითქვა. ტერნერს მილიარდობით დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე, თუნდაც ორგანიზაცია "იუნაითედ ნეიშენს ფაუნდეიშენზე". ტერნერს სამი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს, მაგრამ ისინი აშკარად დიდძალი ქონების გარეშე დარჩებიან, რამდენიმე წლის წინ ტერნერმა პრესას და ტელევიზიას განუცხადა, რომ მთელი თავისი კაპიტალი დახარჯული აქვს და შიშობს, საკუთარი დაკრძალვის ხარჯების დაფარვაც კი გაუჭირდება.