დღეს, ოზურგეთის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო მჟავანაძისა და აქტივისტების – ილია მალაზონიასა და ბესო ქათამაძის სასამართლო პროცესი იმართება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნუგზარ წიკლაური მოსამართლეს მოუწოდებს არ დააკანონოს უსამართლობა და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დევნა.
"დაახლოებით 10 დღის წინ, როცა პრემიერი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა, ეს ადამიანები დაიჭირეს, რადგან მათ თავისუფალი აზრი გამოხატეს და საცხოვრებელ სახლზე შემდეგი შინაარსის ბანერი გაშალეს – მატყუარა მთავრობა. მხოლოდ ამის გამო ნამდვილი კრიმინალური დრამა გათამაშდა – თითქოს ადგილობრივ პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და დააპატიმრეს. მჟავანაძე, მალაზონია და ქათამაძე მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ოზურგეთი დატოვა.
სიტყვის თავისუფლების დევნამ რეგულარული სახე მიიღო საქართველოში, რაც ძალიან საგანგაშოა. მოვუწოდებთ მთავრობას იზრუნოს იმ პრობლემებზე, რაც მათი უნიათობის გამო ქვეყანაში შეიქმნა. ასევე, მინდა მოვუწოდო მოსამართლე სტურუას, რომელიც დღევანდელ საქმეს განიხილავს, არ დააკანონოს თავისუფალი სიტყვის დევნა და არ შეასრულოს იმ მთავრობის მითითება, რომელსაც დასასრულამდე თითზე ჩამოსათვლელი დრო აქვს დარჩენილი", _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.