16 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგის მიხედვით, ის 11 საკითხი განიხილეს. ეს საკითხები 25 სექტემბრისთვის ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე განიხილება.
საკითხი _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს გასული წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, განსახილველად გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა.
ლაშხიას თქმით, 275 ათასი ლარი სოფელ სუფსის ცენტრის კეთილმოწყობისთვის გამოიყოფა, რაც უკვე ასახულია ინფრასტრუქტურულ საკითხებში.
_ სუფსის კეთილმოწყობა კარგია, თუმცა, როგორც ამ ბიუჯეტიდან ჩანს, წელს არც ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა მოხერხდება და აღარც ახალი სპორტული სკოლის მშენებლობა დაიწყება, _ თქვა დეპუტატმა რომან ბიწაძემ.
როლანდ ლაშხიამ დააკონკრეტა, რომ ლანჩხუთში ახალი სპორტული სკოლის მშენებლობა, რაზეც საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, 2015 წლისთვის აღარ მოესწრება და სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. რაც შეეხება ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობას, ეს საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია, არის ალბათობა, სამუშაოები წელს დაიწყოს და სამომავლოდ გარდამავალ ეტაპად გაგრძელდეს.
სოციალურ პროგრამებში გასახორციელებელ ცვლილებებზე გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა ისაუბრა. საკითხის მოსმენის შემდეგ ბიუროს წევრებისთვის ბუნდოვანი იყო, რატომ არის დიფერენცირებული სხვადასხვა ომის ვეტერანების სოციალური მხარდაჭერა.
"ნებისმიერი ომის მონაწილე თანაბარი პირობებითა და სოციალური პაკეტით უნდა სარგებლობდეს. არ უნდა განსხვავდებოდეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების მონაწილეები და მათი ოჯახები. რა მნიშვნელობა აქვს, მეომარი 2008 წლის ომში დაიღუპა თუ წინა წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას?" _ ასეთი იყო დეპუტატთა პოზიცია.
ფრაქციამ "ლანჩხუთი ევროატლანტკური მომავლისთვის" ორი ინიცირებული პროექტი წარმოადგინა _ წარმატებული აბიტურიენტებისა და მათი სკოლების წახალისებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების შესახებ.
ფრაქციის ამ ინიციატივით კმაყოფილი დარჩა საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე, რომლის თქმითაც, ეს პირველი შემთხვევაა ამ საკრებულოში, როცა ფრაქციამ საკუთარი პროგრამა წარმოადგინა და ისურვა, ამ მხრივ, მეტი აქტივობა იყოს სამომავლოდ.
ბიუროს სხდომაზე არსებული ჰარმონია მას შემდეგ დაირღვა, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხზე _ "სხვადასხვაზე" მიდგა ჯერი და უმრავლესობის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ საყვედურის ტონით დაიწყეს საუბარი.
"არ მიყვარს ტყუილად წყლის ნაყვა. უკვე ერთი წელია, ვაყენებ საკითხს ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმის ადმინისტრაციული შენობის ავარიულობის შესახებ, თუმცა, აქამდე არანაირი შედეგი არაა. წამოდით, საკუთარი თვალით ნახეთ, თუა შესაძლებელი ზამთრის გადატანა იმ პირობებში. აქ მხოლოდ ლაპარაკისთვის ვიკრიბებით?! თუ ასე გაგრძელდა, მალე საკრებულოს სხდომაზე დასწრებაც აღარ მენდომება", _ თქვა ნიგვზიანის თემის მაჟორიტარმა ბესიკ ტაბიძემ და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის სახელობის მემორიალურ მუზეუმს წლებია, შენობის ავარიულობის პრობლემა აწუხებს, გაუსაძლისი პირობების გამო, ფონდსაცავი კერძო ოჯახში აქვთ გადატანილი, თუმცა, არც იქაა სახარბიელო მდგომარეობა. ჯერ კიდევ გასულ წელს ანონსდებოდა, რომ ფირმა "ატუ" განახორციელებდა მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოებს, მაგრამ ამ დრომდე კონკრეტული არაფერია გამოკვეთილი.
ბიუროზე სუფსის მაჟორიტარის, ჯუმბერ ბლაგიძის მხრიდან საყვედური საკრებულოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის მისამართით გაჟღერდა: "კარგად იცით, რა მდგომარეობაა სუფსაში ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არაერთხელ იყვნენ მისულები საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების ხელმძღვანელები, ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას. თქვენ კი ერთხელაც არ მისულხართ, არადა, ისინი სწორედ თქვენთან შეხვედრას ითხოვენ. ნუთუ, არ უნდა მიხვიდეთ ადგილზე და გაეცნოთ მათ პრობლემებს, ჰექტრობით საყანე ფართობებია გაფუჭებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საკრებულოს წევრები ვართ და ხალხი ჩვენგან მეტ თანადგომას ითხოვს!"
ბლაგიძის ამ შენიშვნაზე ხელაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს ცალკეული დეპუტატები უკვე შეხვდნენ მოსახლეობას და თავადაც შეხვდება.