ოზურგეთში ძველი და ახალი ბაზრის თემა რამდენიმე წლის ბჭობის საგანია, როგორც გარე მოვაჭრეთათვის, ისე ჩინოვნიკებისა და კერძო ბიზნესის მფლობელთათვის.
მოვაჭრეებს, შპს "აგრარულ ბაზრის" წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება და ურთიერთანგარიშსწორება პერმანენტული პროცესია, რომელიც ყოველი ხელისუფლების შეცვლის დროს უფრო ღიად იჩენს თავს.
იცვლებიან დირექტორები, მიმდინარეობს "ბაზრის მოვაჭრეების "გამოსახლება-შესახლების" გაუთავებელი პროცესი, ზოგჯერ "ახალ ბაზარში" "გადასახლების" მიზნით, ზოგჯერ კი ტერიტორიის პრივატიზაციის და ახალი სამშენებლო ობიექტის დაპროექტების საბაბით… ბოლო პროცესები შპს "პირველი სავაჭრო სახლიდან" მოვაჭრეების ისევ "ძველ ბაზარში გადმოსახლებას გულისხმობს.
"გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა "ძველი აგრარული ბაზრიდან" ახალ, დახურული ტიპის ბაზარში მოვაჭრეების გადასვლის თუ გადაყვანის იძულებით ფორმებზე, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მოხდა ისე, რომ მოვაჭრეთა ნაწილი გადავიდა ახალ ბაზარში ან იძულებით გადაყვანის შემდეგ, ბედს შეეგუა და დარჩა იქ. მეორე ნაწილი კი, კვლავ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე საქმიანობს. მათ მიმართ, ადრეულ წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მუქარასაც არ იშურებდა: "თუ აქედან ახლავე არ ადგებით, ორშაბათიდან, ჯერ 1000-2000-ლარიან ჯარიმებს გამოგიწერთ, მერე კი მიგაბრძანებთ", _ ემუქრებოდნენ მათ.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მოვაჭრეებს მორიგი "დაწიოკების" დღეები ელოდებათ. პირველ ოქტომბერს "ახალ სავაჭრო ცენტრის" დირექტორს ირაკლი სირაძესა და, დაახლოებით, 40 მოვაჭრეს შორის კონტრაქტი წყდება _ მოვაჭრეები 1 ოქტომბრიდან იქ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.
შპს " პირველი სავაჭრო სახლის" დირექტორის, ირაკლი სირაძის განცხადებით, მისთვის ბიზნესი ამ კუთხით არამომომგებიანი აღმოჩნდა.
საინტერესოა ერთი დეტალი _ ბიზნესმენმა ირაკლი სირაძემ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ახლა აღმოაჩინა, რომ მის "სავაჭრო ცენტრში" დასაქმებული მოვაჭრეების მიერ შემოტანილი გადასახადებით მოგება ვერ ნახა. როგორც ცნობილია, ბაზარში 160 კვ.მ. ფართობი სასყიდლიანი ფორმით სარგებლობის უფლებით სასყიდლიანი აღნაგობის სახით 35 წლის ვადით გაიცა ბიზნესმენ გოჩა სალუქვაძეზე. რამდენიმე დღის წინ კი ბაზრის ტერიტორიის 4 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 26 968 ლარად გაიცა 35-წლიანი იჯარით _ მოიჯარე შპს "სოფლის ნობათის" დამფუძნებელი ზურაბ გობრონიძეა. სხვადასხვა წყაროები "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობენ, რომ დასახელებული პიროვნებები ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის საახლობლო წრეს წარმოადგენს და "ახალი ბაზრის" "წამგებიანობა" სწორედ "ძველი ბაზრის" ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
შპს "პირველი სავაჭრო სახლის დირექტორი" ირაკლი სირაძე "გურია ნიუსთან" ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირველ ოქტომბერს მისი "სავაჭრო სახლის" კარები მოვაჭრეებისთვის დაიხურება, თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ ამის შესახებ მან მოვაჭრეები რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილა:
_ ეს ინფორმაცია მათ ოფიციალურად აქვთ გამოცხადებული. ვადა ჰქონდათ 15 სექტემბრამდე, შემდეგ კიდევ გადავუწიეთ 15 დღით, ანუ პირველ ოქტომბრამდე გააგრძელებენ საქმიანობას. როგორც რამდენიმემ მითხრა, სადღაც შენდება ახალი ბაზარი, რომლის დასასრულებლადაც დრო იყო საჭირო. ამიტომ გადავუწიე ვადა ორი კვირით. აბსოლუტურად ყველა მოვაჭრე დატოვებს შენობას, _ ამბობს ირაკლი სირაძე და განმარტავს: _ ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა, პირველი და ძირითადი არის ის, რომ აგრარული ბაზარი არის ბიზნესის მახინჯი მხარე. ეს არის სიმახინჯე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუ კოდექსში ჩავიხედავთ და გადასახადებს გადავავლებთ თვალს, იქაც დარღვევაა. ამ საქმეს პატრონი არ ჰყავს, ყურადღებას არავინ აქცევს; მეორე მიზეზი_ ეს ბიზნესი, როგორც კერძო მესაკუთრისთვის, ანუ ჩემთვის არ აღმოჩნდა მომგებიანი. მოვაჭრეებს ფულის გადახდა არ უნდათ. ახლა იმას ამბობენ, ადრე რატომ არ გვაიძულებდი, თანხა გადაგვეხადაო. ისინი იხდიან თანხებს, თუმცა, არასათანადოდ. ფიქრობენ, რომ თუ არ იქნებიან იმ დღეს, თანხა არ უნდა გადაიხადონ. ეს რას ნიშნავს? როცა ფართი გაქვს ნაქირავები, თანხა არყოფნის შემთხვევაშიც გაქვს გადასახდელი.
_ ბატონო ირაკლი, 2009 წელს, ყველას ახსოვს, იძულების წესით, პოლიციის ჩარევით გადაიყვანეს მოვაჭრეები თქვენს "სავაჭრო სახლში". ამის გამო, ისინი არაერთხელ დააჯარიმეს კიდეც. ამ ექვსი წლის განმავლობაში ისინი საქმიანობდნენ თქვენთან. დღეს რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული თემა?
_ როდესმე ხომ უნდა დადგეს? ჩვენ კეთილსინდისიერად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. ამ ხნის მანძილზე მოიმატა ყველაფრის ფასმა, მაგრამ, ჩვენ არ გაგვიზრდია გადასახადი ამ 6 წლის განმავლობაში, ეს არაა პატარა დრო. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ზოგისთვის თუ კარტოფილია პროდუქტი, ზოგისთვის _ საწვავი და ასე შემდეგ. ჩემთვის ფართია ანალოგიური ბიზნესპროდუქტი. რაღაც ხომ იცვლება?! ალბათ, ბაზრის დრო გადის, ბაზარმა დრო "მოჭამა", ამოწურა თავი.
_ შესთავაზეთ თუ არა ამ ადამიანებს ალტერნატიული ფართი?
_მე არ ვთავაზობ, მაგრამ ჩვენ ერთი წლით ადრე, ბოლო 6 თვის განმავლობაში დავიწყეთ მუშაობა ამ თემაზე. იცოდნენ მოვაჭრეებმა ამის შესახებ _ გავაკეთეთ ახალი სუპერმარკეტი და მოხდა ამ მოვაჭრეების გადანაცვლება. სხვათა შორის, უმტკივნეულოდ. მე მოვაჭრეები სიტყვიერად გავაფრთხილე, რომ მოეძებნათ ალტერნატიული გზები. ეს არ არის მოულოდნელი თემა. როგორც ვიცი, შენდება კერძო ბაზარი, ასევე, მიმდინარეობს ძველი აგრარული ბაზრის მშენებლობისა და განახლების პროცესი და იქ გადავლენ. გამოსავალი ბევრია, მაგრამ მე მესმის მათი _ ურჩევნიათ იყვნენ კომფორტში და უფრო იაფად.
_ ბატონო ირაკლი, არის თუ არა გარიგება მერსა და თქვენ შორის?
_ მე ვწყვეტ მოვაჭრეებთან კონტრაქტს. ერთი წლის წინ შემეძლო გამეთვალა ეს თემა? სისულელეა, რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, გაეცი ბაზარიო, 100 პროცენტი წილს მფლობელია "ახალი სავაჭრო სახლი" და არავისთან არავითარი ვალდებულება არ მაქვს. ეს არ არის სიმართლე. მით უმეტეს, რომ ჩემთან ვინმეს მოეწყო რაიმე შეხვედრები, გამორიცხულია. შეიძლება, რაღაცები ემთხვეოდეს, მაგრამ ამჟამად ეს ასე ნამდვილად არაა. ჩემი აზრით, წავიდა პატარა დახლზე მოვაჭრეების დრო და ამას ეს ხალხი ვერ ხვდება.
მოვაჭრეები "გურია ნიუსთან" ამბობენ, რომ პირველ ოქტომბერს პოზიციებს არ დათმობენ.
თინა პეტროსიანი: "არ ვიცი, სად წავალთ. უადგილოდ ვარ, არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში!"
ლალი სალუქვაძე: "რატომ არ უნდა შემომიშვან პირველ ოქტომბერს? მომიძებნონ სხვა ადგილი და გადავალ. ისე რა ვქნა?! მე ვთხოვე, გადმომიყვანეო? 200-ლარიანი ჯარიმა გადამახდევინეს, აქ რომ არ გადმოვდიოდი _ სურსათის უვნებლობის სამსახურმა დამაჯარიმა. ეს იყო 5 წლის წინ. ახლა აქედანაც მაგდებენ? კეთილი ინებონ და გადამიყვანონ ჩემ ძველ ადგილზე. რომ უჭირდათ, მაშინ ხომ გადმომიყვანეს? უმაღლესდამთავრებული შვილი და რძალი სახლში უმუშევარი მყავს, 7 შვილიშვილი სახლში ჩემს მისვლას ელოდება, რომ პურს მივუტანო".
მანანა თავბერიძე: "ჩემი ქმარი დაიბარეს ადრე და უთხრეს, გინდა თუ არა გადმოვიდეს შენი ცოლი სავაჭრო სახლშიო. ახლა რას მიპირებენ? ჩვენ უკან ოჯახის უმუშევარი წევრები დგანან".
ინგა ხომერიკი: "დაგვეხმარეთ! რა გვეშველება, არ ვიცი. თუ მოგვიძებნიან ადგილს, წავალთ. ძალიან დიდ ცოდვას სჩადიან. ჯერ მოწესრიგებული არაა ის ბაზარი. წამალი რომ ვიყიდოთ, იმის ფული არ გვაქვს, ბანკების ვალები გვაქვს, მოგვიძებნონ ადგილი და დაგვსვან. ჯერ შემოგვყარეს და ახლა წადითო".
ლამარა ფხაკაძე: "სახლში ვერ დავჯდები, გამორიცხულია! არ დავთმობთ, ბანკის ვალები მაქვს. მყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, რომელსაც პატრონობა სჭირდება. მოგვინახონ სხვა გამოსავალი".
მოვაჭრეების თქმით, მათთან შესახვედრად, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და სწორედ მისი ინიციატივით მოხდა გასვლის 15 დღით გადავადება.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს: "ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე ვთხოვე ირაკლი სირაძეს, რომ იქნებ არ გაეშვა ეს ადამიანები თავისი სავაჭრო ცენტრიდან, მანამ, სანამ ჩვენ ბაზარში არ დავასრულებდით იმ სამუშაოებს, რომელიც დაწყებული გვქონდა, იმისათვის, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში. კიდევ ვთხოვ ბატონ ირაკლის, რომ რამდენიმე ხნით ისევ გადავაწევინო ვადა. თუ დაგვთანხმდება, კარგი იქნება და თუ არა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ეს ადამიანები ქუჩაში არ დავტოვოთ", _ ამბობს სიორიძე.
წყაროს ინფორმაციას, რომ ქალაქის მერსა და ირაკლი სირაძეს შორის არსებობს გარიგება, რომლის მიხედვით, ქალაქში მხოლოდ ერთი ბაზარი უნდა არსებობდეს, სიორიძე არ ადასტურებს.