არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სპორტის საზოგადოება" უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავს და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს "პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ცობეხიამ განაცხადა.
ცობეხიამ საზოგადოებას გურიის რეგიონალური ფედერაციის წესდებაც გააცნო, რომელშიც დელეგატის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი განსაზღვრული არ არის.
ცობეხიას თქმით, გურიის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ებრალიძემ კანონდარღვევით მოახდინა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და აღმასკომის სხდომაზე ის კანდიდატი წარადგინა, რომელიც მისთვის იყო მისაღები:
"ჩვენ სახეზე გვაქვს დეფექტური საარჩევნო გარემო, რომლის მთავარი მონაწილეები და მთავარი შემქმნელები დღევანდელი ფედერაციის მესვეურები არიან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეჭვი არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულზე, აქ, უკვე, ფეხბურთის ფედერაციის წესდება არავითარ კავშირში არ არის. დანაშაული არის მხოლოდ ის, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშია ასახული.
იურიდიული თვალსაზრისით ასეა. სისხლის სამართლებრივ ეჭვზეა საუბარი და ვეყრდნობით კოდექსს. ერთ შემთხვევაში არის უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება, ასევე, არის ეჭვი დოკუმენტაციის გაყალბებაზე და მრავალი სხვა დარღვევა, რომელსაც ვამუშავებთ და ძალიან მალე წარვუდგენთ საზოგადოებას",– აღნიშნა გიორგი ცობეხიამ.
კახა ებრალიძე ამბობს, რომ დოკუმენტაცია არასდროს გაუყალბებია და არც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაუდენია:
_ მეც დაველოდები მოვლენების განვითარებას. არ ვიცი რაზე საუბრობს ბატონი ცობეხია, მაგრამ ის ვიცი, რომ კანონის წინაშე დანაშაული არ ჩამიდენია. შესაბამისად, არც არაფრის მეშინია. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მე მქონდა კანდიდატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლება და ეს არ არის დანაშაული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ებრალიძემ.